Google Photos-ს დაცული ფოლდერი დაემატება
Google Photos, როგორც სხვადასხვა სერვისების ნაკრები, საკმაოდ გამოსადეგი აპლიკაციაა. მას უამრავი კარგი ფუნქცია აქვს — Photos თავს უყრის ყველა იმ ფოტოს, რომელიც ოდესმე გადაგიღიათ, თქვენ მათი დამუშავებაც იქვე, უმარტივესად და ხარისხიანად შეგიძლიათ, გუგლის ხელოვნური ინტელექტი კი ფოტოების თემატურად დაჯგუფებაში გეხმარებათ. Google Photos უმეტეს ანდროიდებს ყუთიდანვე მოყვება, ის თქვენს ფოტოებს ღრუბელშიც ავტომატურად ინახავს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს ფოტოები, რომლებიც არ გინდათ რომ სხვებმაც ნახონ. სწორედ ამიტომ, Google Photos-ში დაცული ფოლდერი გამოჩნდება.
ახალი ფუნქცია Google I/O 2021-ზე დაანონსდა სხვა უსაფრთხოების განახლებებთან ერთად. ეს საკმაოდ კარგი სიახლეა. თქვენ ქმნით დაცულ ფოლდერს, რომელსაც სურვილისამებრ, ან პაროლით დაიცავთ, ან თითის ანაბეჭდის სენსორით. ფოლდერში მოთავსებული ფოტოები აპლიკაციის საწყის გვერდზე, იქ სადაც ყველა ფოტო იყრის თავს, აღარ გამოჩნდება. ეს კიდევ ერთ-ერთი პლიუსია, რადგან თუ ვინმეს ფოტოებს ათვალიერებინებთ, წინასწარ გეცოდინებათ, რომ იქ რაიმე სიურპრიზი არ დაგხვდებათ.
კომენტარები