ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რაც Google I/O 2021 პრეზენტაციიდან გავიგეთ
Google I/O გუშინ, ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე გაიმართა და ტექნოლოგიურმა გიგანტმა უამრავი სიახლის შესახებ გვამცნო. სანამ ღონისძიების მიმოხილვას დავიწყებთ, გეტყვით, რომ ასეთი მასშტაბის განახლება Google-ის ეკოსისტემაში წლებია არ ყოფილა.
Android 12-ს რადიკალურად განახლებული დიზაინი ექნება
Google-მა Android 12-ის პირველი ბეტა ვერსია წარადგინა და მომხმარებლებს ახალ, "Material You" დიზაინზე გადასვლა ამცნო. სისტემის ფერები და მომხმარებელზე მორგებულობა გაცილებით გაუმჯობესდა. Android 12-ში სისტემური ფერებიც კი ისე შეიცვლება, რომ თქვენს გარეკანის ფოტოს მოერგოს.
უშუალოდ Android 12-ზე ვრცელ სტატიას სულ მალე შემოგთავაზებთ, მანამდე კი ღონისძიების სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადავიდეთ.
Google Workspace სხვა სერვისებთან უფრო შეკავშირებული ხდება
Google-მა ახალი "smart canvas" დააანონსა, რაც Workspace-ს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. განახლების შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ ვიდეო შეხვედრები პირდაპირ Google Docs-დან, Sheet-დან ან Slide-დან დაიწყოთ.
Google და Samsung Wear OS-სა და Tizen-ს აერთიანებენ
Google-მა Wear OS-ისა და Samsung-ის Tizen-ის გაერთიანება დააანონსა. ამით იქმნება ერთიანი პლატფორმა, რომელიც ერთი ნაბიჯით წინ წაწევს სმარტ საათების ინდუსტრიას. გუგლის თქმით, ორი სისტემის შერწყმით გაუმჯობესდება აპლიკაციების გახსნის სისწრაფე და ელემენტის ხანგრძლივობა.
Google გვპირდება, რომ კამერის ალგორითმი კიდევ დაიხვეწება და ადამიანის კანს მეტად რეალისტურად აღიქვამს
Google მუშაობს კამერის ალგორითმის განახლებაზე, რათა ფოტოებში ადამიანის კანი მეტი სიზუსტით აღიბეჭდოს. ასევე, განახლება შეეხება ფოტოების დამუშავების პროცესსაც, მაგალითად Google Photos-ის ედიტორი კანს უფრო მეტი სიზუსტითა და აკურატულობით დაამუშავებს.
Google Photos შეძლებს შექმნას მოძრავი ფოტოები სტატიკური კადრებიდან
Google Photos საკმაოდ სერიოზულ განახლებას მიიღებს. აპლიკაცია შეძლებ ორი სტატიკური ფოტოს გაერთიანებას და მათგან მოძრავი ფოტოს შექმნას. ამის მაგალითი ზემოთ მოცემულ გიფზე იდეალურად ჩანს.
Google Photos-ს დაცული ფოლდერი დაემატება
Google Photos-ს ახალი ფოლდერი დაემატება, რომელიც თითის ანაბეჭდით ან პაროლით იქნება დაცული და მასში ჩაყრილი ფოტოები აპლიკაციაში არ გამოჩნდება. ეს ფუნქცია თავიდან მხოლოდ Google Pixel-ებზე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ნელ-ნელა სხვა ანდროიდ მოწყობილობებზეც გავრცელდება.
საიტების პაროლების შეცვლა პირდაპირ Google-ის Password Manager-დან იქნება შესაძლებელი
Google-მა დააანონსა, რომ დამახსოვრებული პაროლების შეცვლა საიტებზე შეუსვლელად, პირდაპირ გუგლის პაროლების მენეჯერიდან იქნება შესაძლებელი. განახლება თავდაპირველად Chrome-ში გამოჩნდება, შემდეგ კი Android-ზეც ვიხილავთ. ფუნქცია ჯერ ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.
კომენტარები