გაიცანი AI სტარტაპერები — Datafest Online: All About AI-ზე
თუ შენც ჩვენსავით აღფრთოვანებული ხარ ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზარზე არსებული დღევანდელი შესაძლებლობებით, მაშინ შენთვის საინტერესო სიახლე გვაქვს: 20-დან 22 მაისამდე შენს წინაშე ვირტუალურად წარსდგებიან საერთაშორისო სპეციალისტები და ახალგაზრდა სტარტაპები, რათა შენს ყველა AI-დაკავშირებულ კითხვას საბოლოოდ გასცენ პასუხი.
ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპინდუსტრია
ხელოვნური ინტელექტი დღითი დღე უფრო და უფრო მეტ ინდუსტრიას მოიცავს. დამოუკიდებლად მოაზროვნე რობოტის შექმნამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, მაგრამ თვითსწავლადი სისტემები უკვე დიდი ხანია, არსებობს.
ჩეთბოტები, ნეირონული ქსელები, მანქანური სწავლების ალგორითმები და კიდევ უამრავი ტექნოლოგია ყოველდღიურად გვიმარტივებს სამუშაო პროცესებს, გვაშორებს რუტინულ დავალებებს, აუმჯობესებს მომსახურების სერვისს და ექსპონენციურად ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს.
AI-ის ათვისებასთან დაკავშირებული პერსპექტივები უსაზღვროა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ინოვაციური წამოწყება ერთნაირად წარმატებული იქნება. ერთი, რაზეც შეგვიძლია ერთხმად შევთანხმდეთ, ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ ცხელი ინდუსტრიაა და მასთან დაკავშირებული სტარტაპები უახლოეს მომავალში არ ამოიწურება:
- Statista-ს მონაცემების თანახმად, ხელოვნური ინტელექტის ბაზრის მოცულობა 2018 წელს 10.1 მილიარდი დოლარი იყო, 2025 წელს კი, სავარაუდოა, რომ ის 126 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
- CBinsights-ის მონაცემებით, 2013 წლიდან მოყოლებული 3.6 ათასზე მეტი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპია დაარსებული და ჯამში მათ 66 მილიარდი დოლარის დაფინანსება აქვთ აღებული.
- AI სტარტაპებში 2020 წელს ჩადებული ინვესტიციები 35%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
20-22 მაისს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნება, უკეთ აუღო ალღო ბაზარზე არსებულ ტრენდებს, ახლოდან გაეცნო წარმატებულ და პერსპექტიულ AI სტარტაპებს და ვინ იცის, იქნებ შეუერთდე კიდეც რომელიმე მათგანს.
AI Startup Expo
ყველაფერი AI-ს შესახებ – ასე ეწოდება ფორსეტის მიერ ორგანიზებულ სამდღიან ონლაინ ღონისძიებას, რომელიც 20-დან 22 მაისამდე გაიმართება. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და გრანთ თორნტონი, ხოლო მთავარი მედიაპარტნიორია NEXT.On.ge. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავმოყრილი გამოცდილი სპიკერების გარდა, 21 მაისს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-სთან პარტნიორობით, AI Startup Expo-ს ფარგლებში წარდგებიან ახალგაზრდა სტარტაპები, რომელთა ბიზნესმოდელის, პროდუქტისა თუ სერვისის ფუნდამენტური ძრავა სწორედ ხელოვნური ინტელექტია.
მათ მიერ განვლილი გზის მოსმენის შემდეგ, შესაძლებლობა გექნება კითხვები დაუსვა და სურვილის შემთხვევაში, პირადად დაუკავშირდე წარმოდგენილ სტარტაპებს. თუ ეს სფერო ოდნავ მაინც გაინტერესებს, უკეთეს დროს ვერ შეარჩევ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
ღონისძიების დანარჩენი ნაწილი ისევ და ისევ ხელოვნური ინტელექტის ბაზრის გაცნობას დაეთმობა. საერთაშორისო დონის პროფესიონალები ისაუბრებენ ყველაფერზე: კომპანიების მიერ შიდა ოპერაციებში AI-ის დანერგვის უპირატესობებსა და დაბრკოლებებზე, სხვადასხვა სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, სოციალური პრობლემების გადაჭრის ოპტიმალურ გზებსა და მონაცემების დამუშავების ახლადშექმნილ შესაძლებლობებზე.
სულ ერთია, ახლა ეცნობი ამ სფეროს, თუ დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხებს ეძებ; ფორსეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იდეალური შესაძლებლობაა, ახლოდან გაიცნო ჩვენი დროის ერთერთი ყველაზე პოპულარული ტექნოლოგია და მისი წარმატებული მწარმოებლები. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები შეგიძლია აქ შეიძინო.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თავად ხარ AI სტარტაპერი, პრეზენტაციის წარსადგენად შეავსე სარეგისტრაციო ფორმა.
კომენტარები