კოსმოსში დაძველებული ღვინო მილიონ დოლარად იყიდება
Pétrus 2000-ის ღვინის ბოთლმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 14 თვე გაატარა და ის ახლა აუქციონზე იყიდება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ღვინის ბოთლი კოსმოსში ინახებოდა და ის უკან დააბრუნეს. აუქციონზე ღვინო მილიონ დოლარად არის შეფასებული. ღვინოში გადახდილი თანხა კი, კოსმოსურ მისიებს მოხმარდება.
ღვინის მოგზაურობის დეტალები
Pétrus 2000-ის ღვინის ბოთლი, სხვა 11 ბოთლთან ერთად, კოსმოსში 2019 წლის ნოემბერში გაუშვეს. 2021 წლის, 14 იანვარს ღვინის ბოთლები უკან დედამიწაზე დააბრუნეს.
ამის შემდეგ, ბოთლები საფრანგეთში გაიგზავნა, სადაც ისინი 12-მა პროფესიონალმა გაანალიზა და დააგემოვნა. მათ კოსმოსში დაძველებული ღვინო დედამიწაზე დაძველებულსაც შეადარეს. ღვინო როგორც ფერით, ისე არომატით და გემოთი განსხვავებული აღმოჩნდა.
ღვინის ბოთლის ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ინფორმაციის შეგროვება იყო იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ მცენარეები კოსმოსზე და რა განსხვავება შეიძლება ამას ჰქონდეს.
ღვინის შემთხვევაში განსხვავება სახეზეა და მეტიც, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს განსხვავება მშვენიერია. იმის წარმოდგენაც კი ამაღელვებელია, რომ ვიღაცა კოსმოსში დაძველებულ ღვინოს დალევს და ეს მოვლენა მომავალში, შესაძლოა ჩვეულებრივ ამბად იქცეს.
კომენტარები