მალარიის გავრცელების შესაჩერებლად მეცნიერები გენმოდიფიცირებულ კოღოებს ქმნიან
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა 13 აპრილს eLife-ში კვლევის წინასწარი მოხსენება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი გენეტიკურად მოდიფიცირებულ მალარიის გადამტან კოღოებზე საუბრობენ. კვლევის მიზანი კოღოების შემდეგ თაობებში მალარიის საწინააღმდეგო გენის გადატანა და ამ პარაზიტის გავრცელების შეჩერებაა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კოღოებში გენების შეცვლა მათში მალარიის პარაზიტის გავრცელების უნარს შეამცირებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ მიდგომას მომავალი კვლევებითაც გაამყარებენ, მაშინ, შესაძლოა, ამან მსოფლიოში მალარიის დაავადების გავრცელებას შეუშალოს ხელი.
პესტიციდებისადმი კოღოების გამძლეობის ზრდამ და მალარიის საწინააღმდეგო საშუალებებისადმი ამ პარაზიტის რეზისტენტულობის მატებამ დაავადებასთან ბრძოლისთვის ახალი გზების მოძიების საჭიროება შექმნა. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეექმნათ გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოები, რომლებიც ამ გენს მომავალ თაობებს გადასცემენ. ეს ყველაფერი კი შედეგად გამოიწვევს მწერებში ამ პარაზიტის გავრცელებას და შემდეგ მათ გადაცემას ადამიანებზე. თუმცა, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა — საჭიროა მომავალი კვლევების ჩატარება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს მიდგომა ეფექტიანია და გარემოსთვის ზიანის მომტანი არ იქნება.
"კოღოებში ახალი გენების შეყვანა მალარიასთან საბრძოლველად საკმაოდ დამაიმედებელ იარაღს წარმოადგენს", — ამბობს ასტრიდ ჰოერმანი, კვლევის მთავარი ავტორი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან. "ჩვენი მიზანია ამ იარაღის უსაფრთხო გამოცდა იმ ქვეყნებში, სადაც ამ დაავადების გავრცელება ყველაზე მაღალია".
კვლევაში ჰოერმანმა და მისმა კოლეგებმა მალარიის საწინააღმდეგო გენი კოღო Anopheles gambiae-ში CRISPR-Cas9 ტექნოლოგიის საშუალებით შეიყვანეს. აღნიშნული გენი შიფრავს მალარიის საწინააღმდეგო პროტეინს იმ გენების გარშემო, რომლებიც მაშინ აქტიურდებიან, როდესაც კოღო სისხლს მიირთმევს. გენის შეცვლის შემდეგ კი დნმ-ის მთელი წყება ამ უკანასკნელი მსგავსად იწყებს ფუნქციონირებას.
თავდაპირველად მეცნიერებმა გენი ფლუორესცენტული ნიშნით მონიშნეს, რათა თვალყური ედევნებინათ მისთვის კოღოს დნმ-ში შეყვანის შემდეგ. მომდევნო ეტაპზე მათ მოაშორეს გენს ეს ნიშანი და დაიწყეს კოღოების შეწყვილება იმაზე დასაკვირვებლად, შეძლებდნენ თუ არა ისინი რეპროდუქციას და შეინარჩუნებდნენ თუ არა ჯანმრთელობას. მათ ისიც შეამოწმეს, თუ როგორ ვითარდება მალარიის პარაზიტი გენმოდიფიცირებული კოღოს სხეულში. საბოლოოდ, ეს მიდგომა, ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
"თუმცა, საჭიროა დამატებითი შემოწმებები იმაში დასარწმუნებლად, რომ გენმოდიფიცირებული კოღოები რაიმე რისკებს არ შეიცავს, რომ არ მოხდება მათი შემთხვევით გავრცელება გარემოში და რომ ისინი მართლაც ეფექტიან იარაღს წარმოადგენენ მალარიასთან ბრძოლის წინააღმდეგ", — განმარტავს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის სიცოცხლის მეცნიერებების ლექტორი და კვლევის თანაავტორი, ნიკოლაი ვინდბიშლერი.
კომენტარები