iPhone 13-ს პატარა კუნძული და ეკრანქვეშა ანაბეჭდის სენსორი ექნება
iPhone 13-ის შესახებ უკვე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მათ შორის რეალური საკმაოდ მცირე ნაწილი იქნება, თუმცა MacRumors-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2021 წელს აიფონებში Touch ID დაბრუნდება და ის ამჯერად ეკრანქვეშ იქნება განთავსებული.
ეს ინფორმაცია იანვარში ბლუმბერგმაც გაავრცელა, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ ეკრანქვეშ არსებულ თითის ანაბეჭდის სენსორს iPhone 13-ში მართლაც ვიხილავთ.
2017 წელს ეფლმა Face ID წარადგინა, თუმცა სახის ამოცნობით სმარტფონის განბლოკვა 2020 წელს მოუხერხებელი გახდა, რადგან დედამიწის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პირბადეებით უწევს გადაადგილება.
მეორე სიახლე, რომელიც დიდი ალბათობით დღის შუქს იხილავს, დაპატარავებული კუნძულია, რომელიც Face ID-ისათვის იყო განკუთვნილი. თუკი iPhone 13-ში Touch ID-ს ვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ Face ID ან სულ გაქრება, ან მის მიერ დაკავებული ადგილი შემცირდება. შეგახსენებთ, რომ ეფლის კუნძულის ზომა და ფორმა 2017 წლის შემდეგ, რაც iPhone X გამოვიდა, არ შეცვლილა.
კომენტარები