სანაპიროზე ფეხით მოსიარულემ "ჰაერში მოტივტივე" გემი გადაიღო
დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კორნუოლის ქალაქ ფალმუტში, ფეხით სეირნობისას დევიდ მორისმა "ჰაერში მოტივტივე" გემი შეამჩნია და მას ფოტო გადაუღო.
BBC-ის მეტეოროლოგმა, დევიდ ბრეინმა განაცხადა, რომ ეს ოპტიკური ილუზიაა, რომლის მიზეზი არის "განსაკუთრებული ატმოსფერული მდგომარეობა, რომელიც სინათლის გადახრას იწვევს". მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ილუზია არქტიკაში ხშირად ხდება, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში ზამთარში ასეთი მოვლენა "ძალიან იშვიათია".
მორისმა თქვა, რომ ის გაოცებული იყო, როდესაც სეირნობისას ზღვას გაჰყურებდა და უცებ ასეთი საინტერესო მოვლენის მომსწრე გახდა.
"ვინაიდან ცივი ჰაერის სიმკვრივე თბილ ჰაერთან შედარებით უფრო მაღალია, იგი იწვევს სინათლის გადახრას სანაპიროზე ან მიწაზე მდგომი მაყურებლისკენ, რის შედეგადაც მაყურებელი შორეულ ობიექტებს განსხვავებულად ხედავენ. ამ მოვლენის შედეგად რამდენიმე განსხვავებული ტიპის მირაჟი დაიკვირვება. ამ შემთხვევაში, შორს მყოფი გემი თითქოს ჰაერში ტივტივებს, მისი რეალური ადგილმდებარეობიდან მაღლა, თუმცა ხანდახან, შესაძლოა, ჰორიზონტს ქვემოთ არსებული შორეული ობიექტების დანახვაც კი შეძლოს დამკვირვებელმა", — განმარტავს ბრეინი.
კომენტარები