სუს-ის უფროსის აწ უკვე ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მედიასთან ალაპარაკდა. მან TV პირველი ეთერში ციანიდის საქმეზე ისაუბრა და თავისი ვერსიაც გააჟღერა. თუმცა ინტერვიუს დროს ამ თემაზე მისი განცხადებები, პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთგვარად წინააღმდეგობრივიც იყო.

დავიწყოთ თავიდან:

"ტერორისტები"

სოსო გოგაშვილის თქმით, მას ციანიდის საქმემდე დაუკავშირდა დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და უთხრა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით და სწორედ ამ საკითხზე მასთან საუბარი სურს პატრიარქის დაცვის უფროსს (აწ უკვე ყოფილს), სოსო ოხანაშვილს. გოგაშვილი ამბობს, რომ დეტალებზე ოხანაშვილს ნამდვილად ესაუბრა, იმან კი უთხრა, რომ შორენა თეთრუაშვილი ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს მფარველობს.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, ოხანაშვილი თეთრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას და მის პასუხისგებაში მიცემას "დაჟინებით" ითხოვდა და საუბრობდა ორ ტერორისტზე, რომლებიც ვაკეში, საპატრიარქოს კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ.

გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილს უარი უთხრა, რის გამოც ის "განაწყენდა", "გაიბუტა" და მობილურზე დაბლოკა, შემდეგ კი აღადგინა.

"მე მას ავუხსენი, რომ არ შეიძლება შევკეროთ საქმე პატრიარქის მდივან-რეფერანტზე და დავიჭიროთ, მაშინ, როდესაც ის არის უდანაშაულო და საერთოდ არანაირი ინფორმაცია არც შეიძლებოდა ჰქონოდა. [...] პროკურატურასთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი. აბსურდი იყო, წარმოუდგენელი იყო, სასაცილო გახდებოდნენ სამსახურები, თუ ამას გააკეთებდნენ. და პლიუს მაგას, დისკრედიტაცია იყო პირდაპირი. შეიძლება შეკერვა ეხერხებოდეს სამსახურებს რაღაც თემების, მაგრამ ვისზე კერავ საქმეს, უდანაშაულო ადამიანზე და პატრიარქის უერთგულესზე?!", — თქვა გოგაშვილმა.

ის ადასტურებს, რომ თურქეთიდან ჩამოსული ორი ეთნიკურად ქართველი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობდა საპატრიარქოს საკუთრებაში. მისი განმარტებით, ისინი საქართველოში ლეგალურად შემოვიდნენ მას შემდეგ, რაც თურქეთში, ერდოღანის მთავრობამ გარკვეული ორგანიზაციები ტერორისტულად გამოაცხადა და აქ თავშესაფრის მიღებას ცდილობდნენ. გოგაშვილმა დააკონკრეტა მათი გვარებიც — ზურლუჯანი და ნაზლიგული.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მოგვიანებით თურქეთმა მათი ექსტრადირება მოითხოვა და საქართველომ გადასცა.

დეკანოზი მამალაძე VS შორენა თეთრუაშვილი

ეს ისტორია სოსო გოგაშვილმა იმის გასამყარებლად მოგვიყვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მის გარემოცვას შორენა თეთრუაშვილი "სამიზნედ ჰყავდათ". მეტიც, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ არამარტო შორენა, სამიზნე იყვნენ ის მეუფეებიც და ქორეპისკოპოსებიც, რომლებიც "უშლიდნენ ხელს".

გოგაშვილმა ისიც კი გვითხრა, რომ ამ "ჯგუფის" შექმნილია მითი შორენა თეთრუაშვილის ყოვლისშემძლეობაზე — თითქოს საპატრიარქოში დგას "პედესტალზე", მითითებებს აძლევს მეუფეებს და რასაც იტყვის, იმას აკეთებენ. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გვარწმუნებს, რომ ყველა მეუფე დამოუკიდებელია და თავის ეპარქიაშიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.

გოგაშვილმა გვითხრა ისიც, რომ გიორგი მამალაძე არის "ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალობის ადამიანი" და ამ ტიპის ადამიანების მსგავსად, თანამზრახველებს ხელს აფარებს. მისი თქმით, საქმე დასრულებული კი არ არის, ხელახლა უნდა დაიწყოს აქტიური გამოძიება. მეტიც, ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეცდება, ამაში თავადაც შეასრულოს რაღაც როლი.

მოკლედ, ისტორია გოგაშვილისეული ქრონოლოგიით რომ გავაგრძელოთ, მას შემდეგ, რაც ტერორიზმის მუხლით შორენა თეთრუაშვილის დაკავებაზე უარი მიიღო, "ამ ჯგუფმა" აქტიური მოქმედებები დაიწყო, თუმცა ეს გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.

სუს-ის მაღალჩინოსნის მტკიცებით, 2016 წელს, როცა პატრიარქი მიდიოდა მოსკოვში, გიორგი მამალაძე ბათუმში რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენს შეხვდა და უთხრა, რომ სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც დაეხმარებოდა "ერთი ქალბატონის განეიტრალებაში". გოგაშვილი ამბობს, რომ არ იცის, რას გულისხმობდა მამალაძე ამ სიტყვებში და ეს ინფორმაციაც იმ ადამიანისგან აქვს, ვინც საუბარი მოისმინა. მან არ დაასახელა არც ბიზნესმენის ვინაობა, მაგრამ თქვა, რომ იმას შეეშინდა, "საქმეს მიკერავენო" და მეორე დღესვე გაფრინდა რუსეთში.

"ჩრდილოკავკასიელები თუ გყავს ვინმე, ერთი ქალი გაღმა, მარილზე უნდა გავიყვანოო", — ასე უთხრა მამალაძემ ბიზნესმენს, გოგაშვილის მტკიცებით. სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა არ უპასუხა ჟურნალისტის შემხვედრ კითხვას, აქვს თუ არა ამის მტკიცებულებები.

ციანიდი

დასაწყისისთვის ვიტყვით იმას, რომ არ არსებობს კადრი, რითიც გამოძიება დაადასტურება მამალაძის მხრიდან ციანიდის შეძენას ან დაკავებისას ამ ნივთიერების ამოღებას. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას სოსო გოგაშვილმა უპასუხა, რომ გამოძიების პროცესის ჩავარდნა იყო, როცა არ მოხდა "შესყიდვის და ამოღების პროცესის დაფიქსირება".

"ეს ორი მომენტი მინუსია ცალსახად. ეს რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, ინსინუაციების საშუალება არ ექნებოდათ. დაუდევრობით მოხდა თუ სპეციალურად არ ვიცი", — თქვა გოგაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვას, რით მტკიცდება, რომ მამალაძეს ციანიდი არ ჩაუდეს, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი შემხვედრი შეკითხვით პასუხობს: რით მტკიცდება, რომ ჩაუდეს?

კიდევ უფრო საინტერესოა გოგაშვილის ვერსია, რაში სჭირდებოდა მამალაძეს ციანიდი. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით:

"თუ გაივლიდა საზღვარზე [მამალაძე], ჩაიტანდა ამ ციანიდს, მოუყრიდა საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ჰელიოსის კლინიკაში, ბერლინში. შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში, კამერების თანდასწრებით, ტელეფონებიც ჩართული ექნებოდათ და ეტყოდნენ, რა მიგაქვს იქ. ეს [უპასუხებდა] საკვები შემაქვს პატრიარქთან. [იტყოდნენ] რაღაცა საეჭვოაო, ატყდებოდა პანიკა, ერთი ამბავი, დაიდგმებოდა სცენები. გამოიძახებდნენ დაცვას, ეტყოდნენ რა განზრახვა ჰქონდა, მოვიდოდა ბერლინის პოლიცია, ჩაერთვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ანუ ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ პატრიარქის მკვლელ შორენა თეთრუაშვილს, ის წავიდოდა ციხეში იარლიყით "პატრიარქის მკვლელი", ისინი კი გმირები გახდებოდნენ, რადგან პატრიარქი დაიცვეს".

ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, გოგაშვილის ვერსიით, მამალაძის განზრახვა არც თეთრუაშვილის და არც ილია მეორეს მოწამვლა არ ყოფილა, თუმცა საზღვარზე ციანიდი ნამდვილად გადაჰქონდა და ამ "ოპერაციის" მიზანი შორენა თეთრუაშვილის დაკავება იყო.

ჟურნალისტის კითხვას, თუ ეს ასეა, რატომ იხდის სასჯელს დეკანოზი თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის, სოსო გოგაშვილი პასუხობს, რომ "პროკურატურას ალბათ ჰქონდა მტკიცებულებები, რითაც მოტივი გამოიკვეთა ეს" და მას არ აქვს საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ყვება იმასაც, რომ ესწრებოდა შეხვედრას პრემიერმინისტრთან, სადაც ციანიდის საქმეს განიხილავდნენ. მისი თქმით, იქ საკუთარი ვერსიაც გააჟღერა და პრემიერმა კვირიკაშვილმა უთხრა, არასწორი ვერსიისკენ მიდიხარო.

"მოკლე ოპერატიული მასალის წარმოდგენა იყო პრემიერისთვის. და იქ მოხდა მტკიცებულებების ჩვენება, რომლებიც შემდეგ გასაჯაროვდა. საუბრებიდან გამომდინარე, ალბათ გამოძიებას მიეცა საშუალება იმის, რომ ასე თქვა, მე არ ვიცი. მე რომ მოვისმინე ის, რაც მოვისმნე, მაშინვე ვთქვი, რომ შორენა იყო სამიზნე. კვირიკაშვილმა მისაყვედურა, შენ არასწორი ვერსიისკენ მიდიხარ, ვერ წარმოიდგენ, რამხელა პრობლემას უქმნიდნენ ქვეყანას და სამიზნე იყო პატრიარქიო. სავარაუდოდ, მას ჰქონდა უფრო მეტი ინფორმაცია იმ პერიოდში, ვიდრე მე. მაგრამ რაც მე იქ ვნახე, იქედან გამომდინარე შორენა იყო სამიზნე", — თქვა გოგაშვილმა.

გოგაშვილი დარწმუნებულია, რომ შორენა თეთრუაშვილის დაკავებით მამალაძე და მისი თანამოაზრეები საპატრიარქოში გავლენებს შეინარჩუნებდნენ, მოწამვლა კი იმიტომ არ უნდოდათ, რომ გერმანიის პოლიცია ამას გამოიძიებდა და დამნაშავეს იპოვიდნენ.

გავლენა და ფინანსები

"ამ ადამიანებს გაუჩნდათ საფრთხე გავლენის დაკარგვის საპატრიარქოში. მათ ჰქონდათ წვდომა ფინანსებთან, ეს არ არის ის ფინანსები, რომელიც მოედინება ბიუჯეტიდან. აქ საუბარია შემოწირულებებზე, რომელიც ადრესატამდე სრულყოფილად არ მიდიოდა ამათი წყალობით", — ირწმუნება სოსო გოგაშვილი.

მისი თქმით, შემოწირულებების ნაწილი ირიცხება ანგარიშზე, ნაწილს კი საპატრიარქოს ნაღდი ფულით აძლევენ. გოგაშვილის ვერსიით, შემომწირველი არ დაიწყეს გადამოწმებას, ამ ფულიდან დაცვამ რამდენი მიიტანა ადრესატამდე. ის აღნიშნავს, რომ "ამ ჯგუფს" ჰქონდა არხები, საიდანაც ფულს შოულობდა და ერთ-ერთი სწორედ ეს იყო.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამის პრევენცია, მათ შორის, შორენა თეთრუაშვილსაც შეეძლო. თუმცა, მისი თქმით, ეს არ იყო შემოსავლის ერთადერთი არხი და "ჯგუფი" უკავშირდებოდა სხვადასხვა ბიზნესმენსაც, "ეუბნებოდნენ, ამ ტენდერში არ მიიღოთ მონაწილეობაო, იმიტომ რომ მათი ინტერესი იყო".

გოგაშვილს არ დაუსახელებია კონკრეტული გვარები, ვინც ამ "სქემაში" ჩართული იყო და თქვა მხოლოდ ის, რომ ინფორმაცია ბიზნესმენებისგან აქვს.

სამების ხანძარი

ყოფილი მაღალჩინოსანი მამალაძეს ბიუჯეტის თანხის მითვისების მცდელობაშიც ადანაშაულებს. ის არ გამორიცხავს, რომ სამებაში ხანძარი განზრახ გააჩინეს, რათა შემდეგ რემონტი მათი ნდობით აღჭურვილი კომპანიისთვის მიენდოთ, ბიუჯეტიდან გაცილებით დიდი თანხა მოეთხოვათ და მიეღოთ "ატკატები".

"სამების ახალგაზრდული ცენტრი, დაიწვა თუ დაწვეს, ამაზე თავს ვერ დავდებ, გააკეთეს კალკულაცია, დაცვის სამსახურმა, მამალაძემ და სასულიერო პირებმა, არცთუ კარგი რეპუტაციის. 3 მლნ 600 ათასი მოითხოვეს ბიუჯეტიდან დახმარების სახით, აღდგენისთვის", — ამბობს გოგაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკითხი გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ ჯამში მილიონ ლარამდეც არ იყო საჭირო.

"მე ვფიქრობ, რომ შეიძლება შეგნებულად დაწვეს იმისთვის, რომ ფული ეშოვათ მისი რეაბილიტაციისას. კომპანია გააკეთებდა ძვირად, როცა იაფად შეიძლებოდა და "ატკატი" წავიდოდა".

ჟურნალისტის კითხვას, ამით ამბობს თუ არა იმას, რომ სოსო ოხანაშვილი სამების რეაბილიტაციაზე "ფულს ტეხავდა", გოგაშვილმა ასე უპასუხა:

"კი, მამალაძე და აი, ეგ".

ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, თუ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, რატომ არ დააკავეს ბრალდებულები, რაზეც გოგაშვილი პასუხობს, რომ დანაშაული არ შემდგარა.

ეკლესიის ავტორიტეტი

მთელი გადაცემის განმავლობაში ჟურნალისტი გოგაშვილის ეკითხებოდა, იყო თუ არა ციანიდის საქმის მიზანი ეკლესიის ავტორიტეტის დასუსტება და იყო თუ არა ამაში ჩართული ბიძინა ივანიშვილი. ამ კითხვებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეკლესიას მტრები ნამდვილად ჰყავს და ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ პირველ რიგში ხელს ისიც არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ იშვერს. არადა, ეს NGO-ები ეკლესიას მისი პოზიციების გამო აკრიტიკებენ, იმ პოზიციების, რომელიც ძალადობას ახალისებს, ჰომოფობიასა და ქსენოფობიას აძლიერებს, პანდემიის დროს ინფიცირების რისკს ზრდის და ა.შ.

გოგაშვილის თქმით, "ეკლესიის დასუსტების პროცესში" ჩართულები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიებიც. მან არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებაშიც შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ეკლესიის ავტორიტეტი. სეკულარული სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს იმასაც, რომ არ აპირებს გულ-ხელდაკრეფილმა უყუროს, როგორ "ანგრევენ" ეკლესიას.

"მსურველები იყვნენ, არიან დღესაც, ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი ადამიანები მათ შორის. მე არ ვაპირებ გულხელდაკრეფილი ვუყურო იმას, ვინმე როგორ ანგრევს ათასწლოვანი ისტორიის, ორიათასწლოვანი ისტორიის ეკლესიას, რომელიც ძირითადი ფუნდამენტია საქართველოს სახელმწიფოებრიობის. [...]

დუჟმორეული, უღვთოთა კავშირის ეპისკოპოსი რომ არის, ცაავა, მაგის მხრიდან რაც ხდება, ეს ემსახურება პატრიარქის და ეკლესიის დიკრედიტაციას, რაც არ გამოუვათ. ხელისუფლების მხრიდან თუ ვინმე ამაში ჩარეულია, ამაზე საუბარი მე პრობლემად არ მიმაჩნია".

მოსაყდრე შიო

ჟურნალისტმა გოგაშვილს ჰკითხა, დაგეგმა თუ არა ხელისუფლებამ პატრიარქის ჩანაცვლება, როგორც ამას ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობ იაკობაშვილი ამტკიცებდა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამაზე სასაუბროდ არ არის.

"მე გარკვეული ინფორმაციები შეიძლება მქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ მსურს საუბარი, ამ მიმართულებით გავაგრძელებ კვლევას და მუშაობას. მოვა დრო, როცა ამ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მექნება. ახლა ვარ პროცესში, ამ მიმართულებით ვმუშაობ და მზად ვარ, რომ მომავალში სათქმელი ვთქვა", — აღნიშნა გოგაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, სურდა თუ არა ილია მეორეს შეცვლა ბიძინა ივანიშვილს, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ასე პასუხობს:

"ვერავინ ვერ შეცვლის პატრიარქს. მე არ ვფლობ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით".

ამის შემდეგ ჟურნალისტმა გოგაშვილს ორი ადამიანის პასპორტის ასლი აჩვენა და ჰკითხა, იცოდა თუ არა, ვინ იყვნენ ისინი. გოგაშვილმა თქვა, რომ ესენი არიან პეტერბურგელები, ადამია და რომანოვკი, რომლებიც საქართველოში რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები და შეხვდნენ პატრიარქსაც. მეტიც, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ერთ-ერთი ოკუპანტი სახელმწიფოს ყოფილი ჩინოვნიკია და საქართველოში ისინი პარტიებისა და მეუფეების სოციოლოგიურ რეიტინგებს აკეთებდნენ. ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებდა ამ დროს სუს-ი, გოგაშვილმა ასე უპასუხა:

"როცა გავიგე, რომ იყვნენ პატრიარქთან, დავინტერესდი ვინ იყვნენ. შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია წყაროსგან, რომ აწარმოებდნენ სოციოლოგიურ გამოკითხვას. ველზე ვინც მუშაობდა, უშუალოდ იმისგან მივიღეთ. [კვლევა] არსად გასაჯაროებულა. 12 მღვდელმთავარი ჰყავდათ სიაში და განწყობები გაზომეს, შიო მუჯირიც იყო, ქორეპისკოპოსებიც იყვნენ. ცალკე მრევლში, ეკლესიებში არ ჩაუტარებიათ".

კითხვას, ამ ინფორმაციის შემდეგ, დაინტერესდა თუ არა სუს-ი, რა მიზნით აკეთებდნენ სოციოლოგიურ გამოკითხვას ოკუპანტი სახელმწიფოდან ჩამოსულები, გოგაშვილი პასუხობს, რომ ისინი საქართველოში იყვნენ როგორც ბიზნესმენები.

"ეს იყო ჯგუფი, რომელსაც აინტერესებდა, ვინ არის ყველაზე ავტორიტეტი იერარქებში და ვის აქვს უფრო მეტი გავლენა, ალბათ იმისთვის, რომ გაერკვიათ, თუ რომ დადგებოდა როდესღაც რაღაცა მომენტი...".

კითხვას, ეძებდნენ თუ არა ისინი პატრიარქის შემცვლელს, გოგაშვილი პასუხობს, რომ "სავარაუდოდ". მისივე თქმით, ეს პროცესები მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევას დროში შეიძლება წინ უსწრებდეს, თუმცა ზუსტად არ იცის.

გოგაშვილს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, მეუფე შიოს გამორჩევა იყო თუ არა რუსეთის ინტერესი, რაზეც სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ არ იცის. ის ვერაფერს ამბობს რუსეთში შიო მუჯირის კავშირებზეც. კითხვას, არის თუ არა ის რუსული პროექტი, გოგაშვილი ასე პასუხობს:

"მე ვერ გეტყვით მაგას. მე რომ მქონდეს მტკიცებულებები მაგის, ჩემთვის ბარიერი არ არსებობს".

გოგაშვილი ამბობს, რომ არ იცის, რა იყო მოსაყდრის გამორჩევის მიზანი, მაგრამ პატრიარქი ყოველთვის დგამს იმ ნაბიჯებს, "რომელიც მიმართულია ეკლესიის ერთიანობის, სტაბილურობის და სიმტკიცის შენარჩუნებისკენ".

"დანარჩენი უკვე, მე ვერ შევალ იმ დეტალებში. შეიძლება მე ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ რაც პატრიარქის სათქმელია, იმას მე ვერ ვიტყვი", — დასძენს გოგაშვილი.

"ეკლესიის მტრებზე" გოგაშვილმა ამის შემდეგაც ბევრი ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი ცდილობდა პატრიარქის შეცვლას, რადგან "გუნდი არის დიდი ორგანიზაცია, სადაც არსებობენ როგორც პატრიარქის ერთგული ადამიანები, რომლებიც მისი გულისთვის თავს გაწირავენ და არსებობენ ადამიანები, ერთეულები რა თქმა უნდა, რომლებსაც პატრიარქი არ უყვართ".

"ისინი, არ არის გამორიცხული, რომ კავშირშიც იყვნენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან", — დასძინა მან.

ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა გოგაშვილმა კიდევ ერთხელ ჰკითხა, უნდოდა თუ არა პატრიარქის შეცვლა ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ კვლავ ბუნდოვანი და ეკლესიისა და ივანიშვილის აღმატებულ ხარისხში წარმომჩენი პასუხი გასცა.

"მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ. წარმოუდგენელია ის, რაც შეუძლებელია, ადამიანს უნდოდეს, რომელსაც ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს, უყვარს ეს ქვეყანა, როგორც მე ვიცი და უყვარს ოჯახი. ამიტომ შეცვალო პატრიარქი, ძალიან გაუბრალოებაა ამ საკითხის. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ისეთ კონფიგურაციას ალაგებენ, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა პატრიარქის შეცვლა და ამაში ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება იყენებდნენ ვიღაც ადამიანებსაც"


დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია პროკურატურამ სამი დღის შემდეგ გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


სოსო გოგაშვილი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად მიიჩნეოდა. მან 2020 წლის ოქტომბერში სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა, რასაც პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ასე გამოეხმაურა: "საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი, მიზეზი საერთოდ არ მაინტერესებს და არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?".