Visa თანამშრომლობისთვის ფინტექ სტარტაპებს ეძებს — გაიყვანეთ თქვენი სტარტაპი მსოფლიო სცენაზე
Visa გლობალური გადახდის სისტემაა, რომელიც ადამიანებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. კომპანიის მოწინავე ტექნოლოგიები ინოვაციებს და ციფრულ გადახდებს უზრუნველყოფენ.
სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანია გლობალური კონკურსისთვის, Visa Everywhere Initiative 2021, ფინტექის გამორჩეულ პროფესიონალებს ეძებს. ეს ყველაფერი ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით.
კონკურსი ნამდვილად მასშტაბურია, მოიცავს რა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს და აფრიკის რეგიონს.
"თუ ხართ ფინტექ სტარტაპერი, გაინტერესებთ მომავლის გადახდები და ტექნოლოგიური გამოწვევები, თუ ეძებთ დამატებით მხარდაჭერას გლობალური, სანდო ბრენდისგან, რათა თქვენი სტარტაპი კიდევ უფრო მასშტაბური გახადოთ, მაშინ Visa Everywhere Initiative თქვენი შანსია მოიგოთ ფულადი პრიზი 125 000 დოლარის ოდენობით." — ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამა პირველად აშშ-ში 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს ყველა კუთხე მოიცვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მასში 7000-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში მათ ერთობლივად 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვეს.
რაც შეეხება კონკურსს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში გამარჯვებული დაჯილდოვდება 25 000 დოლარით, ხოლო ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული, დამატებით 100 000 დოლარს მიიღებს.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 7 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები