ქართულმა კომპანიამ, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს, $600 000-ის ინვესტიცია მოიპოვა
Shelf.Network ქართული კომპანიაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილ სისტემას მოიცავს. მისი საშუალებით, გასაყიდი ერთეული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება. ეს ნიშნავს, რომ ონლაინ განთავსებულ პროდუქტზე სინქრონული აუქციონი და ვაჭრობა ხორციელდება.
ასეთი ქსელური ეფექტის მისაღწევად Shelf.Network ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს. აღნიშნული ტექნოლოგიის კარგად გამოყენებისთვის, კომპანიამ მსოფლიოში არაერთი აღიარება მოიპოვა.
Shelf.Network 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიამ გაშვებიდან მოკლე დროში მოახერხა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და აღიარების მოპოვება, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ინდუსტრიისთვის საინტერესო გადაწყვეტილებების შექმნით.
წარმატების ბუნებრივი გაგრძელება იყო, 600 000 დოლარი, რომელიც კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ მოიზიდა და მთლიანობაში ბირჟაზე ის 10 მილიონ დოლარად შეფასდა.
"კომპანიამ აზიიდან მოიზიდა დამატებით 600 000 დოლარის დაფინანსება. სიახლე ქსელის ნოემბერში აზიაში გაშვებას მოყვა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია იაპონელ პარტნიორებთან ერთად, სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე ავტომობილებით სავაჭრო ონლაინ ქსელს აფართოებს", — გვითხრა კომპანიის დამფუძნებელმა, ლაშა ანთაძემ.
ჩვენ მასთან უშუალოდ კომპანიის საქმიანობაზეც ვისაუბრეთ.
"საბოლოო მომხმარებელს უშუალოდ ჩვენთან შეხება არ აქვს, თუმცა, ის სერვისები, რომელიც მაგალითად, ავტომობილის აუქციონზე ყიდვას, შერჩევას, VIN კოდის შემოწმებას, ტრანსპორტირებას ეხება — ეს ბიზნესები არიან ქსელში ჩართული და ჩვენი მეშვეობით ახდენენ ერთმანეთთან მონაცემებისა და შეკვეთების გაცვლას. შესაბამისად, ჩვენი ტექნოლოგია ბიზნესებს კოორდინაციაში ეხმარება, რათა ქვეყნებს შორის ავტომობილებით ვაჭრობა სწრაფი და გამჭირვალე პროცესი იყოს." — ამბობს ლაშა.
კომპანიის წარმატებაზე შემდეგი მიღწევებიც მეტყველებს:
- Frontier Innovation Award: როგორც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საუკეთესო რეალური გამოყენება
- BlockShow 2018 წლის გამარჯვებული: როგორც საუკეთესო ევროპული ბლოკჩეინ სტარტაპი
- Techstars აქსელერატორი 2018
- Automeckanika Innovation Award — გამარჯვებული
- ტოპ-გლობალური ავტო-რემარკეტინგის გადაწყვეტა: FleetEurope Summit
რაც შეეხება ბოლო ინვესტიციას, ლაშა ამბობს, რომ ინვესტორის დასახელება ჯერ არ შეუძლია. თუმცა, ის გვესაუბრა იმაზე, თუ რაში გამოიყენებენ მიღებულ თანხას.
"ახლა ინვესტორის დასახელება არ შეგვიძლია, თუმცა, ვიტყვი, რომ ინვესტორი, აზიისთვის ცნობილი საჯარო კომპანიაა, ავტომობილების ინდუსტრიიდან. რაც შეეხება აღნიშნულ თანხას, ის მოხმარდება ქსელის გაფართოებას და დამატებით 250 დილერის ჩართვას, რომლებიც თვეში დამატებით 150 000 ავტომობილს ქსელში გასაყიდად განათავსებენ", — გვითხრა ლაშამ.
კომენტარები