გასული წლის ბოლოს, Breakthrough Listen-ის პროექტმა, რომელიც უცხო ცივილიზაციის სიგნალებს ეძებს, განაცხადა, რომ პროქსიმა კენტავრიდან ძალიან უცნაური რადიოსიგნალი მოდიოდა.

ამ სიგნალმა მეცნიერებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. გაჩნდა შეკითხვა: უცხო ცივილიზაციის სიგნალი აღმოვაჩინეთ?

ნუ იჩქარებთ, ამბობს აბრაამ ლოები, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრიდან. ლოებმა და მისმა კოლეგამ, ამირ სირაჯმა ალბათობები გამოთვალეს და დაასკვნეს ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ "სიგნალი" უცხო ცივილიზაციისგან მოდიოდეს.

"თქვენ არასდროს იმყოფებით განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებულ ადგილას. 100 მილიონიდან, ერთი შანსია იმის, რომ ამ უსასრულო სამყაროში, ზუსტად ჩვენს გვერდით მდებარე ვარსკვლავის სისტემაში მყოფ ცივილიზაციას ჰქონდეს რადიო გადამცემი იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ მისი დაფიქსირება შეგვიძლია", — ამბობს ლოები.

მაშინ როგორ ავხსნათ ასეთი უცნაური სიგნალი? ლოები ამბობს, რომ სავარაუდოდ, ტელესკოპმა ახლოს მდებარე სიგნალი დაიჭირა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ამბობენ, რომ ეს სიგნალი მოდის დედამიწიდან და არა კოსმოსიდან.

ლოებმა 2015 წლის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ავსტრალიის ტელესკოპმა პარკესმა იდუმალი სიგნალი დაიჭირა. თუმცა, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ეს სიგნალი მხოლოდ ლანჩის დროს ფიქსირდებოდა. საბოლოოდ მიხვდნენ, რომ სიგნალი მიკროტალღური ღუმელიდან მოდიოდა...