ცნობილი SETI-ის ჯგუფის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ, პროქსიმა კენტავრიდან — ჩვენი მეზობელი მზის სისტემიდან, დააფიქსირეს სიგნალი, რომელიც შესაძლოა, უცხო ცივილიზაციისგან მოდიოდეს.

ახალი ამბავი პირველად The Guardian-მა გავრცელა. სიგნალი აღმოაჩინა Breakthrough Listen-მა, პროექტმა, რომელიც დაფუძნდა ფიზიკოს სტივენ ჰოკინგის პატივსაცემად და მისი მიზანია უცხოპლანეტური ცივილიზაციებიდან მოსული ნიშნების დაფიქსირება.

”ეს პირველი სერიოზული კანდიდატია “Wow!” სიგნალის შემდეგ”, — განუცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა გამოცემას. ეს მკვლევარი ჯერ ანონიმურად რჩება.

ცნობისთვის, "Wow! სიგნალი”, რომელიც ჩაიწერა 1977 წელს, განიხილება, როგორც ყველაზე პერსპექტიული აღმოჩენა SETI–ს ისტორიაში.

The Guardian-ის წყაროს თანახმად, სიგნალმა მკვლევრების ინტერესი რამდენიმე მიზეზის გამო მიიპყრო. პირველი მიზეზი ისაა, რომ ეს დაახლოებით 980 MHz-ის გარშემოა, ეს ის ზოლია, რომელშიც ადამიანის კოსმოსური ხომალდები არ არის. მეორე მიზეზი პირველს ავსებს — დაფიქსირებული სიხშირე ისეთი ცვალებადია, თითქოს ის ორბიტაზე მყოფი ეგზოპლანეტის ზედაპირიდან მოდიოდეს. ჩვენთვის კი ცნობილია, რომ პროქსიმა კენტავრის სისტემაში არის ეგზოპლანეტა, რომელიც პოტენციურ “დასახლებად ზონაში“ იმყოფება.

მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საზოგადოება სკეპტიციზმს ინარჩუნებს:

"შანსი იმისა, რომ ეს პროქსიმა კენტავრის ხელოვნური სიგნალია, ნამდვილად გამაოგნებელია. თუმცა, ჩვენ უკვე დიდი ხანია, რაც უცხო ცივილიზაციების ნიშნებს ვეძებთ. ეს ძიება ხდება შორეულ კოსმოსშიც და იდეა, რომ ასეთი ცივილიზაცია შეიძლება ჩვენს გვერდით, მეზობელ ვარსკვლავურ სისტემაში იყოს, პირადად ჩემთვის რთული წარმოსადგენია", — ამის შესახებ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგმა ლუის — დარტნელმა The Guardian-ს განუცხადა. "თუმცა, შეიძლება ვცდებოდე და თუ ამას ვინმე დამიმტკიცებს, მე მხოლოდ გამიხარდება", — დასძინა მან.

The Guardian–ის მოხსენება იმავე დღეს Scientific American-მა დაადასტურა. მათი თქმით, მკვლევრები დაფიქსირებულ სიგნალს სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ უცხო ცივილიზაციის კვალს ბოლომდე მაინც არ გამორიცხავენ.

როგორც ვხედავთ, მეცნიერები სკეპტიციზმს ინარჩუნებენ და მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიგნალი, სავარაუდოდ, არაა უცხო ცივილიზაციისგან წამოსული, თუმცა, ბოლომდე არაფერს გამორიცხავენ. ერთადერთი, რაშიც ყველა თანხმდება, ისაა, რომ მსგავსი სიგნალის დაფიქსირება აუცილებლად გამოგვადგება და დიდ გამოცდილებას შეგვძენს.