რა მთავარ ასტრონომიულ მოვლენებს ველოდებით დედამიწელები 2021 წელს
გასული წელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენით გამოირჩეოდა, თუმცა, 2021 წელიც არანაკლებ საინტერესო იქნება ამ მხრივ.
ამ მოვლენებიდან ბევრის დანახვას ტელესკოპის გარეშეც შეძლებთ. მათზე შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებისთვის წინასწარ მომზადება და ცოტა იღბალი მაინც დაგჭირდებათ. ამ სტატიაში გთავაზობთ 2021 წლის 10 ძირითად ასტრონომიულ მოვლენას, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.
1. იუპიტერისა და მერკურის შეერთება - 5 მარტი
მზესთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტა მოუხელთებლობით გამოირჩევა — მისი დანახვა დამკვირვებლებისთვის არც ისე ადვილია, თუმცა 5 მარტს პლანეტის დანახვას შედარებით ადვილად შეძლებთ.
მზის ამოსვლამდე დაახლოებით 45 წუთით ადრე, იუპიტერი და მერკური ღამის ცაზე ექსტრემალურად მიუახლოვდებიან ერთმანეთს. მერკური ხშირად მკრთალია და ძნელია მისი შემჩნევა, მაგრამ იუპიტერის სიახლოვიდან გამომდინარე, დამკვირვებლებს გაუმარტივდებათ ამ პლანეტის შემჩნევა. მერკური ღამის ცაზე მზის სისტემის უდიდესი პლანეტის მარცხნივ გამოჩნდება. თუ დილით ცა ღრუბლებით იქნება დაფარული, მაშინ ამ მოვლენის დაკვირვებას შემდეგ დღეებშიც შეძლებთ, თუმცა ეს ორი პლანეტა ერთმანეთთან ასე ახლოს აღარ გამოჩნდება.
2. ლირიდების წვიმა — 21-22 აპრილი
დაახლოებით, ოთხთვიანი "გვალვის" შემდეგ, მეტეორების წვიმა ღამის ცას აპრილში გაანათებს. ლირიდების წვიმა პიკს 21-22 აპრილში მიაღწევს, საათში, დაახლოებით, 15-20 მეტეორით. იანვრის კვადრანტიდების წვიმის შემდეგ, ეს წლის მეორე საშუალო მეტეორების წვიმა იქნება.
თუ ამ მოვლენის დაკვირვებაში ღრუბლები შეგიშლით ხელს, შემდეგი მეტეორების წვიმის დასაკვირვებლად სულ რაღაც 2 კვირის მოცდა მოგიწევთ. ეტა აკვარიდების წვიმა ცაზე 4-5 მაისს გამოჩნდება.
3. სუპერმთვარე - 26-27 აპრილი
შეგიმჩნევიათ, რომ წელიწადში სულ რამდენჯერმე, სავსე მთვარე უფრო დიდი და ნათელია, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე? ამ მოვლენამ პოპულარობა თავისი ზედმეტსახელით მოიპოვა — სუპერმთვარე, იგივე ვარდისფერი მთვარე, ან ბაყაყის მთვარე 2021 წელსაც გამოჩნდება. პირველად მას აპრილის ბოლო კვირას ვიხილავთ, თუმცა წლის ამ დროს სუპერმთვარესა და ნორმალურ მთვარეს შორის განსხვავება თითქმის შეუმჩნეველი იქნება.
ამ მოვლენის დაკვირვებას 2021 წლის მაიისა და ივნისსშიც შევძლებთ.
4. მთვარის სრული დაბნელება — 26 მაისი
ასტრონომიის მოყვარულთა ნაწილი ფიქრობს, რომ სანახაობრივად, ეს საუკეთესო ასტრონომიული მოვლენაა. 2021 წლის მაისის ბოლოს, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე ერთ ხაზზე განლაგდებიან, ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის კონუსში შევა და ცაზე მთვარის სრულ დაბნელებას ვიხილავთ.
ამ მოვლენას "სისხლიან მთვარესაც" უწოდებენ. მთვარე ამ დროს მოწითალო-მონარინჯისფრო შეფერილობას იღებს, რაც სინამდვილეში დედამიწის ატმოსფეროთია გამოწვეული.
5. "ცეცხლოვანი რგოლი", მზის დაბნელება — 10 ივნისი
მთვარის დაბნელებიდან ორი კვირის შემდეგ, მთვარე, მზე და დედამიწა ისევ ერთ ხაზზე განლაგდებიან, თუმცა ამჯერად, მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა და მზის დაბნელებასთან გვექნება საქმე.
10 ივნისს, როდესაც მზე ჰორიზონტზე ამოვა, მის ნაწილს მთვარე გადაფარავს. ამ მოვლენის დასაკვირვებლად სათანადო სათვალე დაგჭირდებათ, რადგან სპეციალურად დამზადებული მზის ფილტრის გარეშე, მზეზე პირდაპირ დაკვირვებამ შესაძლოა თვალის სამუდამო დაზიანება გამოიწვიოს.
6. პერსიდების წვიმა — 11-12 აგვისტო
წლის ყველაზე პოპულარული მეტეორების წვიმა ცაზე ზაფხულის თბილ ღამეს, აგვისტოს მეორე კვირაში გამოჩნდება. დამკვირვებლები საათში 100 მეტეორის ხილვას შეძლებენ.
თუ ამ წელს მეტეორების წვიმის ყურებას გეგმავთ, პერსიდები აუცილებლად უნდა ნახოთ. მით უმეტეს, როცა წელს მთვარე უმეტესად ჰორიზონტზე დაბლა იქნება ღამით. მთვარის გარეშე, დაბალი იქნება სინათლით დაბინძურება, რაც მკრთალი მეტეორების დანახვასაც გაუადვილებს დამკვირვებლებს.
7. სატურნი, იუპიტერი და ლურჯი სავსე მთვარე — 22 აგვისტო
2021 წლის ზაფხული შესანიშნავი დროა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტელესკოპის გამოყენების სწავლა უნდათ. ამ დროს, მთელი სეზონის მანძილზე, იუპიტერს და სატურნს ხშირად ვიხილავთ. ეს ორი საინტერესო ობიექტი დასაკვირვებლად შედარებით მარტივია და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი ან პატარაა დამკვირვებლის ტელესკოპი.
22 აგვისტოს კი ლურჯი მთვარე გამოანათებს ცაზე იუპიტერთან და სატურნთან ერთად. ეს სამეული მზის ჩასვლის შემდეგ, სამხრეთ აღმოსავლეთის ცაზე გამოჩნდება.
ლურჯ მთვარეს მეორე სავსე მთვარესაც უწოდებენ, თუმცა განსხვავებული განმარტებაც არსებობს. ზოგადად, ასტრონომიულ სეზონებზე უნდა ველოდოთ სამ სავსე მთვარეს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ერთ სეზონზე ოთხი სავსე მთვარეც ჩნდება, ოთხიდან მესამე სავსე მთვარეს კი ლურჯი მთვარე ეწოდება.
8. მთვარის ნაწილობრივი დაბნელება — 19 ნოემბერი
ნოემბრის მესამე კვირა დასრულდება შთამბეჭდავი მოვლენით, რომელსაც მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ეწოდება. იგი საკმაოდ გავს მთვარის სრულ დაბნელებას, თუმცა მთვარის მცირე ნაწილის დანახვას მაინც შევძლებთ. ამის გამო, ღამის ცაზე მთვარე შესაძლოა, ოდნავ წითლად, ან ნარინჯისფრად შეიფეროს.
9. პლანეტების სამეული — 25 ნოემბერი
ამ დღეს, სამხრეთის ცაზე ერთდროულად სამი პლანეტა — ვენერა, სატურნი და იუპიტერი გამოანათებს. ისინი 25 ნოემბერს ერთ ხაზზე განლაგდებიან და მათი სინათლე ცის ამ მონაკვეთზე ვარსკვლავების ნათებას გადააჭარბებს.
თუმცა, თუ ღრუბლიანი ამინდი ხელს შეგიშლით, ამ მოვლენის დასაკვირვებას დეკემბრის დასაწყისამდე, ყოველ დღე შეძლებთ.
10. გემინიდების წვიმა — 13-14 დეკემბერი
2021 წლის მთავარი ასტრონომიული მოვლენების სიის ბოლოს გთავაზობთ ყველაზე კაშკაშა და ფერად მეტეორების წვიმას — გემინიდების წვიმას, რომელზე დაკვირვებაში ხელი შესაძლოა ღრუბლიანობამ შეგიშალოთ. წლის ამ დროს ცვალებადი ამინდი გასაკვირი არაა.
მეტეორების წვიმა, საათში 120 მეტეორით, 13-14 დეკემბერს გამოჩნდება. ეს ყველაზე აქტიური და სანახაობრივი მეტეორების წვიმა იქნება წლის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ნივთიერების წვის შედეგად, ეს მეტეორები ატმსოფეროში სხვადასხვა ფერის კვალს ტოვებენ.
მათ დანახვას ყველაზე კარგად ღამის მეორე ნახევარში შეძლებთ, რადგან ამ დროს, მთვარის სინათლით დაბინძურება აღარ შეგიშლით ხელს.
კომენტარები