კი, სიმართლეა, რომ რომის ქუჩები საახალწლო ფეიერვერკის შემდეგ მკვდარი ჩიტებით დაიფარა
გავრცელებული კადრებისა და ინფორმაციის მიხედვით, საახალწლო ფეიერვერკების შემდეგ, რომის ქუჩები მკვდარი ფრინველებით დაიფარა. ამის შესახებ რამდენიმე ადგილობრივი გამოცემა, YouTube მომხმარებლის Diego Fenicchia-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე დაყრნობით წერს. ასეთ გამოცემებს შორის, RomaToday-ცაა, ამ ინფორმაციას Euronews და BBC-ც ავრცელებენ. ხოლო ინტერნეტში რომის მკვიდრების მიერ გადაღებული, ამ მოვლენის ამსახველი სხვა კადრებიც ვრცელდება.
ქართულ ინტერნეტში ამ ახალ ამბავს ორაზროვნება სხვადასხვა გვერდის მიერ გავრცელებული ძველი ფოტოს გამო მოჰყვა. ხოლო დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბერს, ფეიერვერკების შემდეგ, რომის ქუჩებში ასობით დახოცილი ჩიტი არაერთმა ადგილობრივმა შენიშნა. ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ ცხოველთა დამცველები, რომლებიც ამ მოვლენას "ხოცვა-ჟლეტას" უწოდებენ.
რომის ქუჩებში გადაღებულ კადრებში ჩანს ცარიელი ქუჩები, რომლებიც მოფენილია მკვდარი ფრინველებით. მათი დახოცვის მიზეზი, ოფიციალურ დონეზე, განსაზღვრული არ არის, თუმცა, საერთაშორისო ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია OIPA-ს ცნობით, მათი დახოცვა ფეიერვერკის განსაკუთრებით მაღალ ხმას უკავშირდება იმ გამწვანებულ უბანში, სადაც ჩიტების დიდი ნაწილი ბუდობს.
"შეიძლება ისინი შიშისგან დაიხოცნენ. ისინი ერთდროულად გაფრინდნენ ხმის გაგონებაზე და ერთმანეთს, ან ფანჯრებს, ანაც ელექტროხაზებს შეეჯახნენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ დიდი შანსია მათ გულიც გასკდომოდათ", — ამბობს ლორედანა დიგილო, OIPA-ს წარმომადგენელი.
ბოლო წლებში უკვე ხშირად გვესმის, რომ ფეირვერკებს შინაური ცხოველებისთვის, ფრინველებისა და ზოგადად, გარემოსთვის დიდი ზიანი მოაქვს და ეს ასეც არის. ფეიერვერკის გამოყენება საზიანოა როგორც ველური ბუნების მკვიდრებისთვის, ასევე შინაური ცხოველებისთვის, ისევე, როგორც თვითონ ადამიანებისათვის. რომ არაფერი ვთქვათ ჰაერის დაბინძურებაზე. ამ ეტაპზე, OIPA-ს წარმომადგენლობა იტალიაში ითხოვს პირადი მოხმარების მიზნითაც კი, ფეიერვერკების გამოყენების აკრძალვას.
ასევე იხილეთ: დროა, რომ ფეიერვერკებს უარი ვუთხრათ
კომენტარები