რატომ გვჭირდება რობოტების რეგისტრაცია?
მარკ რაბერტის მიერ, 1992 წელს დაარსებული ამერიკული საინჟინრო კომპანია Boston Dynamics ცნობილი გახდა მის მიერ შექმნილი მთელი რიგი დინამიური და მძლავრი რობოტებით. მათ ჩამონათვალშია BigDog, Atlas და Handle, მათ შორის კი ყველაზე პოპულარული — Spot, 2019 წლიდან, კომერციულ გაყიდვაშია. ყველასთვის ცნობილ რობოძაღლს შეუძლია კიბეებზე ასვლა, კარების გაღება, უხეში რელიეფის მარტივად გადალახვა და ის 32.5 კილოგრამს იწონის. ახლა, როდესაც კომპანიებს შეუძლიათ შეიძინონ ეს რობოტი 74 500 დოლარად, ადამიანები შეიძლება მათ ბევრგან წააწყდნენ.
მაგალითად, რობოტები პატრულირებენ სინგაპურის საზოგადოებრივ პარკებში პანდემიის ჟამს, რათა დაეხმარონ ადამიანებს, დაიცვან სოციალური დისტანცია. რობოტებს ასევე შეხვდებით BWH-ის ქალათა საავადმყოფოში, სადაც ისინი ექიმებს ეხმარებიან დისტანციური კონსულტაციების ჩატარებაში. ამის მიუხედავად, მათი ნახვა მაინც იშვიათი მოვლენაა. თუმცა, ეს იშვიათობა დროთა განმავლობაში სიხშირეში გადაიზრდება. ამისთვის კი მზად უნდა ვიყოთ.
რატომ გვჭირდება რობოტების რეგისტრაცია?
წარმოიდგინეთ, პარკში სეირნობისას წააწყდით Spot-ს, ან თუნდაც, ავტოფარეხში ავტომობილის დაყენებისას თვალში მოგხვდათ რობოტი ძაღლი. არ დაგაინტერესებთ, ვინ არის მისი მფოლობელი? ან მისი გაუმართაობის შემჩნევის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართოთ?
რობოტები, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სულ უფრო თვალსაჩინონი ხდებიან, ამიტომაც, მათი რეესტრის შექმნა სულ უფრო აქტუალური ხდება. მსგავსი ტიპის რეესტრები საშუალებას მისცემს მოქალაქეებს და სამართალდამცავ ორგანოებს, მოძებნონ რობოტები და მათი მფლობელები, ასევე გაარკვიონ კონკრეტული რობოტის მიზანი და საქმიანობა. ეს შორსმჭვრეტელი იდეა ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ, აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია უკვე ფლობს დრონების რეესტრს.
მთავრობებს ექნებათ საშუალება, შექმნან ეროვნული მონაცემთა ბაზები, რომელშიც გაერთიანებული იქნება, საზოგადოებრივ სივრცეში მოქმედი რობოტები, რობოტის მფლობელ კომპანიებთან ან იურდიული პირებთან ერთად. ისინი საკუთრებაში მყოფ რობოტებს დაარეგისტრირებენ რეესტრში და დაურთავენ ინფორმაციას — დამამზადებელი კომპანიის სახელს, მოდელს, რობოტის დანიშნულებას, ვის უნდა დაუკავშირდნენ იმ შემთხვევაში, თუ რობოტს შეექმნება პრობლემა. დამატებით ყველა საჯარო სივრცეში მოქმედ რობოტს უნდა ჰქონდეს ადვილად ამოსაცნობი საიდენტიფიკაციო მარკერი, ან თუნდაც, მოდელის ნომერი.
რა ხდება დღეს ამ მიმართულებით?
დღესდღეობით, შედარებით მცირე ზომის რეესტრები არსებობს. მაგალითად, სან ხოსეს ტრანსპორტის დეპარტამენტი (SJDOT) მუშაობს Kiwibots-თან, კომპანიასთან რომელმაც შექმნა რობოტული მიწოდების ინფრასტრუქტურა. SJDOT იღებს მონაცემებს რეალურ დროში Kiwibots-ის რობოტებისგან, როდესაც ისინი ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან, Kiwibots საკუთარი რობოტების მდებარეობის შესახებ მონაცემებს SJDOT-ს, ღია მობილობის მონაცემთა სპეციფიკაციის გამოყენებით აწვდის, რომელიც თავდაპირველად ლოს-ანჯელესში, Bird სკუტერების დასაზვერად შეიქმნა.
ადგილმდებარეობის რეალურ დროში აღრიცხვას ზუსტად მსაგვსი მნიშვნელობა ექნება Spot-ისთვის, რაც Kiwibots-ის შემთხვევაში აქვს. ამასთან, ნებისმიერი რობოტისთვის, რომელიც იფუნქციონირებს საზოგადოებაში, აუცილებელი გახდება სერტიფიკატები, რომელშიც გაწერილი იქნება რობოტების ოპერატორების ანგარიშვალდებულებები. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი რობოტი იყენებს კამერას, შესაძლოა, ადამიანები დაინტერესდნენ, თუ ვინ იყენებს მათი კამერებით შეგროვებულ მონაცემებს.
Silicon Valley Robotics–ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ანდრა ქეიმ, ოქტომბრის Arm ღონისძიებაზე მისი ეთიკური რობოტიკის ხუთი წესი განიხილა. ქეიმ წამოჭრა მოსაზრება იმის შესახებ, რომ რობოტების სანომრე ნიშნები უნდა გააჩნდეთ, რომელსაც შემდეგ მონაცემთა ბაზაში აღვრიცხავთ. დამატებით, ქეიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ გარდა საზოგადოების ცნობისმოყვარეობისა და რობოტებისთვის თვალის მიდევნების სურვილისა, რამაც შესაძლოა, რობოტებისა და მათი მონაცემთა ბაზების გატეხვისკენ უბიძგოს ადამიანებს, რობოტების მარშუტის კონტროლიც უნდა მოხდეს. თუნდაც, მხოლოდ სასურსათო მაღაზიებიდან მიტანის სერვისით იყოს მათი საქმიანობა შემოფრაგლული. მათ სპეაციალური სირენებიც უნდა გააჩნდეთ, რადგან როგორც ქეი ამბობს — "არ მსურს რომელიმე მათგანი სახლში შემომეპაროს”.
ასე რომ, რობოტების რეგისტრაცია არის გზა, რომელიც მომავლის სამყაროში მათ და ჩვენს თანაარსებობას გაამარტივებს; დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის რობოტი, რა მიზნით გადაადგილდება ამა თუ იმ სივრცეში, ან ვის მივმართოთ, თუ რობოტს პრობლემა აქვს. ამ გზის გამოყენებით კი, მომავლის სამყაროში გვექნება პასუხი კითხვაზე — როგორ დავეხმარებით უცნობ რობოტს, რომელიც დაიკარგა ან გაფუჭდა.
კომენტარები