გიგანტური ზომის მზის ელექტროსადგურები, რომლებიც მოძრაობენ კოსმოსურ სივრცეში და გამოყოფენ უზარამაზარ ენერგიას, დიდი ხნის განმავლობაში, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სცენარის მსგავსად ჟღერდა. ეს იდეა პირველად გააჟღერა თეორიული ასტრონავტიკის ფუძემდებელმა და საბჭოთა თვითნასწავლმა მეცნიერმა — კონსტანტინ ცილკოვსკიმ. რუსი მეცნიერის მე-19 საუკუნის ოციან წლებში წამოჭრილი ეს გიჟური კონცეფცია, ძირითადად, მწერლების ინსპირაციის წყარო გახდა, ხოლო რეალობაში, იდეის განხორციელებისთვის ნაბიჯების გადადგმა ერთი საუკუნის შემდეგ დაიწყო.

ცილკოვსკის კონცეფციის პოტენციალი ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გააცნობიერა და დაიწყო ამ მიმართულებით პროექტების ძიება და დაფინანსება. სააგენტოს აზრით, პირველი სამრეწველო რესურსი, რომელსაც კოსმოსიდან მივიღებთ, იქნება "სხივის ენერგია", რომელსაც იყენებენ საჰაერო ხომალდების, ან კოსმოსური ხომალდების ენერგიის წყაროდ.

ფოტო: ESA

კლიმატის ცვლილება ჩვენი ეპოქის უდიდესი გამოწვევაა, ამიტომაც მრავალი საკითხი დგას რისკის ქვეშ, დაწყებული გლობალური ტემპერატურის მომატებით, დამთავრებული ამინდის ცვლილებით. კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე იგრძნობა მთელს მსოფლიოში. ამ გამოწვევის დაძლევა მოითხოვს რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და სხვა პრევენციული ზომების გატარებას.

განახლებადი ენერგიის გამოსამუშავებელმა ტექნოლოგიებმა, ბოლო წლების განმავლობაში, მკვეთრი განვითარება განიცადა. გაუმჯობესდა ხარისხი, ეფექტურობა და ასევე, დარეგულირდა ფასები. მაგრამ მათი ათვისების მთავარი ბარიერი კვლავ უცვლელია — ისინი ვერ უზრუნველყოფენ ენერგიის მუდმივ მარაგს. ქარისა და მზის სადგურები აწარმოებენ ენერგიას მხოლოდ მაშინ როდესაც ქარი ქრის ან მზე ანათებს, ხოლო ჩვენ გვჭირდება ენერგიის დიდი მასშტაბით შენახვის გზა, ეს გზა კი შესაძლოა აღმოჩნდეს ენერგიის გამომუშავება კოსმოსურ სივრცეში.

კოსმოსური ელექტროსადგურების დადებითი მხარეები და გამოწვევები


კოსმოსში ელექტროსადგურს შეეძლება მზის გარშემო ბრუნვა 24 საათის განმავლობაში. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწის ატმოსფერო შთანთქავს და ასხივებს მხოლოდ მზის სხივების გარკვეულ ნაწილს, ატმოსფეროს ზემოთ არსებული ელექტროსადგურები კი მიიღებენ მეტ მზის შუქს და წარმოქმნიან მეტ ენერგიას.

თუმცა, გადასალახია მთავარი გამოწვევა, როგორ უნდა განვათავსოთ დიდი ზომის სადგურები ღია კოსმოსში, როდესაც ერთი ელექტროსადგურის საშუალო ზომა, შეიძლება, 1 400 საფეხბურთო მოედნის ექვივალენტი იყოს. საგულისხმოა ასევე მასალები, რომლითაც ააგებენ სადგურს, რადგან ყველაზე დიდი ხარჯი სადგურის რაკეტით კოსმოსში გაშვება იქნება.

როგორ გავიტანთ კოსმოსში მზის ელექტროსადგურებს?

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შესაძლებელი გახდება კოსმოსში მსგავსი ტიპის სადგურების გატანა. ერთ-ერთი გამოსავალია ათასობით მცირე ზომის თანამგზავრის შექმნა, რომლებიც ატმოსფეროს გარეთ გასვლის შემდეგ გაერთიანდებიან და შექმნიან ერთი დიდი ზომის მზის გენერატორს. კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მსგავს მეთოდზე წლებია მუშაობენ.

ლივერპულის უნივერსიტეტში კი ახალი 3D ბეჭდვის ტექნოლოგიაა შექმნილი, რომელიც შეძლებს მზის იალქნების დაბეჭდვას. მზის იალქანი არის დასაკეცი, მსუბუქი და ძალზე ამრეკლი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მზის სხივების ათვისება, რათა კოსმოსურმა ხომალდმა საწვავის გარეშე იმოძრაოს. ლივერპულის უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს კოსმოსური ელექტროსადგურების იდეის განვითარებას.

ეს მეთოდები საშუალებას მოგვცემს, ავაშენოთ ელექტროსადგურები კოსმოსურ სივრცეში, მაგრამ სავარაუდო მეთოდების ჩამონათვალი ამით როდი მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ელექტროსადგურების შექმნის პროცესში დედამიწის რესურსებზე და მასალებზე ვართ დამოკიდებული, მეცნიერები ასევე განიხილავენ კოსმოსურ რესურესების ჩართვას წარმოებასა და მშენებლობაში. მაგალითად, განიხილება მოსაზრება, რომლის თანახმადაც მთვარეზე ნაპოვნი მასალები შესაძლოა გამოიყენონ სადგურის სამშენებლო მასალად.

კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ კოსმოსური ელექტროსადგურებიდან დედამიწაზე ენერგიის გადაცემაა. მეცნიერებს აქვთ გეგმა, რომელიც მოიცავს კოსმოსური სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ელექტროტალღებად გარდაქმნას. შემდეგ კი, დედამიწაზე არსებული ანტენებით მის მიღებას და კვლავ ელექტროენერგიად გარდაქმნას (რაც უკვე მის მომხმარებლებამდე მისვლას გახდის შესაძლებელს). აღნიშნული მეთოდის პოტენციალი და ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ერთ-ერთი კვლევით.

ფოტო: JAXA

ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი — ბევრი ტექნოლოგია დასახვეწია, ბევრი მეთოდი კი გამოსაცდელი. თუმცა, საბოლოო მიზანი არის ის, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, კოსმოსში მზის ელექტროსადგურები რეალობად იქცეს.