აპლიკაციამ Google Pay დიდი განახლება მიიღო
აპლიკაცია Google Pay-ის ახალი ვერსია Android-ზე უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა, ჯერჯერობით, მისი გამოყენება მხოლოდ წინასწარ მოწვეულ პირებს შეუძლიათ.
განახლებული გადახდის აპლიკაციას სრულიად განსხვავებული, შეცვლილი დიზაინი აქვს. აპლიკაციას აქვს კატეგორია “ოჯახი და მეგობრები“, რომელზე დაჭერითაც შეგიძიათ ფული მარტივად გადარიცხოთ ახლობელ ადამიანებთან, თუ ბიზნესებთან, თუ ამ კონკრეტულ ბიზნესს Google Pay მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, თუ რესტორანს აპლიკაციიდანვე გადაუხადეთ, შეკვეთის ისტორიასაც დაინახავთ.
რესტორნების გარდა, ახალი Google Pay-ის დახმარებით შეძლებთ ასევე გადაიხადოთ ბენზინგასამართ სადგურებზე, ან მარტივად შეძლებთ გადაიხადოთ პარკინგის საფასური და ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ და მხოლოდ სმარტფონით. თუმცა, აუცილებელია ამ ჩამოთვლილ ბიზნესებს Google Pay-ის მხარდაჭერა ჰქონდეთ ფუნქციის გამოსაყენებლად.
აპლიკაციას ასევე აქვს ცალკე კატეგორია, სადაც ნახავთ შეთავაზებებსა და საჩუქრებს. ახალი Google Pay აღარ არის უბრალოდ ფულის დახარჯვის საშუალება, იგი ასევე დაგეხმარებათ თქვენი ფინანსების გაკონტროლებაში. Google-მა აპლიკაციაში დაამატა ახალი ფუნქცია, რაც ნებას რთავს მომხმარებლებს მარტივად დააკავშირონ თავიანთი ბანკის ანგარიშები და საკრედიტო ბარათები. აპლიკაციიდანვე შესაძლებელი იქნება თქვენი ბალანსის და ფინანსების დეტალურად დათვალიერება და დახარისხება. როგორც ცნობილია, ინვოისის ამოღება პროგრამიდან აქამდეც ძალიან მარტივად ხდებოდა, თუმცა ამიერიდან ინვოისის ფოტო მარტივად გალერეაში ავტომატურად შეინახება. Google Pay-ში აგრეთვე შეძლებთ, მარტივად მოძებნოთ ძველი ტრანზაქციები.
Google Pay-ის სული და გული, NFC ფუნქცია კვლავ დარჩება აპლიკაციის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციაში, თუმცა მანაც განიცადა ცვლილებები. აპლიკაციის ზედა ნაწილში გამოჩნდება ბარათის ღილაკი, რომელსაც ექნება თქვენი ძირითადი ბარათის ლოგო, ხოლო მასზე დაჭერით კი შეგიძლიათ იგი გადაცვალოთ სხვა ბარათზე, ნახოთ ბილეთები ან სულაც სასაჩუქრე ბარათები. თავიდან შესაძლებელია ზოგიერთი მომხმარებლისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გამოყენება რთული აღმოჩნდეს, თუმცა Android 11-ის დახმარებით, ყველაფერი პირიქით, უფრო გამარტივებული იქნება.
დაბოლოს, ახალი გუგლის გადახდის აპლიკაციას აქვს პროფილის კატეგორია, QR კოდით, რომელიც გაზიარებას კიდევ უფრო ამარტივებს. ამავე გვერდზე დაინახავთ თქვენს ბალანსს და მეგობრების მოწვევის ფუნქციასაც. Google ასევე შესთავაზებს მომხმარებლებს ჯილდოებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მეგობარი მოიწვიეთ და ის დარეგისტრირდა წარმატებით, მაშინ თქვენ საჩუქრად მიიღებთ $10-ს და თქვენი ახალ დარეგისტრირებული მეგობარი კი $5-ს.
გარდა ამისა, ამიერიდან Google Pay-ს ახალი ლოგო ექნება. აპლიკაცია, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში, როგორც ანდროიდზე, ისე iOS ზე, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას მსოფლიოს გარშემოც გამოიყენებენ.
კომენტარები