კვლევის შუალედური შედეგები — AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა 70%-მდე შემთხვევაში ეფექტიანია
AstraZeneca-მ დღეს განაცხადა, რომ მათი ვაქცინა COVID-19-ის შემთხვევების 70%-მდე პრევენციას ახდენს. აღნიშნულ მონაცემებს დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ჩატარებული კვლევები უდევს საფუძვლად. მონაცემების მიხედვით, აცრილ ადამიანებში COVID-19-ის მწვავე მიმდინარეობის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, განაცხადა AstraZeneca-მ.
შუალედური მონაცემების წარმოსადგენად, მეცნიერებმა 24 ათასამდე მოხალისის აცრის შედეგად მიღებული პირველადი შედეგები გააანალიზეს. ექსპერიმენტული ვაქცინით 11 636 ადამიანი აიცრა, ხოლო დანარჩენები — პლაცებოთი. კვლევის ფარგლებში ვაქცინაციის ორნაირი სქემა გამოიცადა. ერთი სქემის მიხედვით, თავდაპირველად მოხალისეებს ვაქცინის ნახევარი დოზა გაუკეთეს და ერთი თვის შემდეგ — სრული დოზა. ამ დროს ეფექტიანობამ 90% შეადგინა. მეორე სქემაში ორივეჯერ სრული დოზით ვაქცინაცია მოხდა, მაგრამ ეფექტიანობამ მხოლოდ 62% აჩვენა. საბოლოოდ საშუალო მაჩვენებელმა 70% შეადგინა. ამჟამად AstraZeneca კვლევებს აშშ-ში, ინდოეთში, კენიაში, იაპონიასა და რუსეთში აგრძელებს.
"ეს შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ეფექტიანი ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ დოზირების ჩვენეულმა სქემამ 90%-მდე ეფექტიანობა აჩვენა", — განაცხადა მთავარმა მკვლევარმა, პროფესორმა ენდრიუ პილარმა.
AstraZeneca მესამე დიდი ფარმაკოლოგიური კომპანიაა, რომელმაც თავისი ვაქცინის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. Pfizer-მა და Moderna-მ გასულ კვირას თავიანთი ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 95%-ს აღწევს.
მძიმეწონიანი კონკურენტებისგან განსხვავებით, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ერთობლივი პროდუქტი უფრო ადვილად შესანახია, რადგანაც მას ამისთვის განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა არ სჭირდება. ეს მის წარმოებასა და განვითარებად ქვეყნებში დისტრიბუციას მნიშვნელოვნად აადვილებს. მნიშვნელოვანი განსხვავებაა ვაქცინის ფასშიც
AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, რომ მათი პროდუქტი არაკომერციული დანიშნულებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება.
ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინის იმედისმომცემი შედეგები ზუსტადაც რომ დროულია. ბევრ ქვეყანაში პანდემიამ ახალი ძალით შეუტია საზოგადოებას, რაც ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე პირდაპირ ჰპოვებს ასახვას. ამის გამო ბევრგან ხელისუფლება იძულებული ხდება, სოციალური შეკრებები აკრძალოს და ბიზნესს დროებით დახურვის რეკომენდაცია მისცეს. ინგლისში მოცემულ მომენტში ოთხკვირიანი კატანტინია გამოცხადებული და ყველა არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზია დაკეტილია. აშშ-ს მთავრობის საზოგადო ჯანდაცვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, მადლიერების დღეს ოჯახებსა და მეგობრებში ვიზიტები შეზღუდონ.
AstraZeneca-ს შუალედური კვლევის შედეგები მარეგულირებელმა უნდა განიხილოს და მას დისტრიბუციის ნებართვა მისცეს. ამ მომენტისათვის, დიდმა ბრიტანეთმა 100 მილიონი ვაქცინა უკვე შეიძინა. მთავრობის განცხადებით, მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის შემდეგ წარმოების პროცესი დაიწყება და პირველი რამდენიმე მილიონი ერთეული ვაქცინა წლის ბოლოსთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
კომენტარები