2020-ში კორონავირუსთან დაუკავშირებელი სიკვდილიანობაც გაზრდილია
CDC-ში მონაცემებზე დაყრდნობით შენიშნეს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილოს გარდა, წინა წელთან შედარებით, ზოგ დემოგრაფიებში სიკვდილიანობა ზოგადად გაზრდილია. Public Health-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ამბობენ, რომ "დამატებითი სიკვდილიანობის ზრდა" COVID-19-ის საზოგადოებაზე გავლენას უკავშირდება.
მკვლევრების თქმით, აშშ-ში სიკვდილიანობა 15-59 წლის კაცებსა და 25-44 წლის ქალებში მნიშვნველოვნად გაიზარდა. ზუსტად არავინ იცის, რისი შედეგია ეს ნამატი, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ პანდემიის მანძილზე, დამატებითი სიკვდილიანობა სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
შესაძლოა, რომ პანდემიის პირობებში, ადამიანები თავიანთ სამედიცინო საჭიროებებზე ნაკლებად არიან ორიენტირებული ან COVID-19-ის ბევრი შემთხვევა უბრალოდ შეუმჩნეველი რჩება. სტატისტიკურ ანალიზში უცნაური ისაა, რომ სიკვდილიანობა 5-14 წლის გოგონებში შემცირებულია.
"ამის ერთადერთი ახსნა გვაქვს. ამ ასაკობრივ კატეგორიაში სიკვდილიანობა, ძირითადად, უბედური შემთხვევების (მაგალითად ავარიების) შედეგია, ქალაქების ჩაკეტვას, როგორც ჩანს, ახალგაზრდა გოგონებზე დამცავი შედეგი ჰქონდა", — ამბობს კვლევის თანაავტორი, შელდონ ჯაკობსონი.
მკვლევრები CDC-ის მონაცემთა მონიტორინგს არ წყვეტენ და სხვადასხვა ინსტიტუტებს, ისევე როგორც საჯარო ჯანდაცვის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ კორონავირუსთან დაუკავშირებელი სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახადონ, რათა COVID-19-ის ირიბი გავლენა სიკვდილიანობაზე და სიცოცხლის ხარისხზე უფრო გასაგები იყოს.
მკვლევრების ვარაუდით, პანდემიის გამო ადამიანები საავადმყოფოებს ნაკლებად აკითხავენ და საჭირო ანალიზებს არ იკეთებენ. ისიც შესაძლებელია, რომ გაზრდილი სიკვდილიანობა ნაწილობრივ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება. ის კი ცხადია, რომ გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზების დაზუსტებით უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.
კომენტარები