500 Georgia-ს ორი გამარჯვებული ჰყავს - სტარტაპები, რომლებიც სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან
500 Georgia-ს პირველი ნაკადის გამარჯვებული, ერთის ნაცვლად, ორი კომპანია გახდა - ამის შესახებ საქართველოს ბანკის მიერ, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ პოსტშია ნათქვამი. ორი ქართული სტარტაპი - Cardeal.ge და Cargon მალე სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე, რამდენიმე კვირით გაემგზავრება, რაც უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
Cardeal, ყოველთვიურად, მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლის, დაახლოებით, 500 000 ავტომობილს აერთიანებს. სტარტაპი ამ გზით საშუალებას იძლევა, ერთი ფანჯრის პრინციპით მივიღოთ ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ყველა საჭირო სერვისი — იქნება ეს ავტომობილის შერჩევა, შემოწმება, დაფინანსება/ლიზინგი თუ ტრანსპორტირება. სტარტაპის შესახებ ადრე ვრცლად მოგიყევით, შესაბამის სტატიას კი შემდეგ ბმულზე შეხვდებით.
ხოლო Cargon ინტელექტუალურ ალგორითმებზე მომუშავე ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც ტვირთმფლობელს რამდენიმე წამში აძლევს საშუალებას, დაადგინოს გადაზიდვის ფასი და დაუყოვნებლივ მოიძიოს მისთვის შესაფერისი გადამზიდი. ჩვეულებრივ, ეს პროცესი 3-4 დღე გრძელდება, თუმცა "კარგონის" დახმარებით ეს რამდენიმე წუთში ხდება შესაძლებელი. უფრო ვრცლად სტარტაპის შესახებ ჩვენ მიერ ადრე მომზადებულ სტატიას შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
500 Georgia-მ აქსელერაციის პროგრამისთვის 10 ქართული და 3 უცხოური სტარტაპი ჯერ კიდევ ივნისში შეარჩია. ესენი იყვნენ: Cardeal.ge, Cargon, CARU; FINMAP.online, Echolize, Intrro, LiveCaller, Phubber App, QCash.ge, Raccoon.Recovery, Stack; Tripcars.com • Car Rental, Wegotrip. როგორც უკვე ვთქვით, მათგან ერთის ნაცვლად ორი სტარტაპი შეირჩა
მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის - 500 Startups აქსელერაციის პროგრამა საქართველოში საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით მიმდინარეობს. ქართული სტარტაპები - Cardeal.ge და Cargon კი მისი პირველი ნაკადის გამარჯვებულები არიან.
კომენტარები