დავით ნოზაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი და ინჟინერია, რომელიც ამჟამად Cisco-ში მუშაობს. ეს არის მეცნიერი, რომელმაც შეიმუშავა დიელექტრიკული მუდმივას გაზომვის მეთოდი, მისი მეორე ნაშრომი კი საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ინფორმაციის გადაცემის ხარისხი როუტრებსა და სვიჩებში. ეს ორი გამოგონება აშშ-ში ცოტა ხნის წინ დაპატენტდა და მას უკვე აქტიურად იყენებენ Cisco-სა და სილიკონ ველიზე.

Cisco კალიფორნიის შტატში, სილიკონ ველზე მდებარეობს. ეს არის ტექნოლოგიების კონგლომერატი, რომელიც აწარმოებს და ავითარებს ქსელურ ტექნიკას, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს და სხვა მაღალტექნოლოგიურ პროდუქტსა თუ მომსახურებას. დავითის ამბავი კი Cisco-ში 2016 წელს დაიწყო, როცა ის სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა. თუმცა, იქამდე, სანამ მის პროფესიულ მიღწევებს, პატენტებსა თუ გეგმებს გაგაცნობთ, მისი ცხოვრების ადრეულ წლებსა და გამოცდილებაზე მოგიყვებით.

დავითი ქუთაისში გაიზარდა, მათემატიკოსი დედისა და ინჟინერი მამის ოჯახში. იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ტექნოლოგიებით, აინტერესებდა მათი მუშაობის პრინციპი და 12 წლიდან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მომავალშიც ამ მიმართულებით გააგრძელებდა მუშაობას. ამ სფეროს მიმართ ინტერესი ასაკის მატების შემდეგაც არ განელებია და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის გიმნაზიის დასრულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლით გაგრძელდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, იტალიაში, თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში ჩააბარა მაგისტრატურაზე, მისი მომდევნო ნაბიჯი კი დოქტორანტურაზე ჩაბარება იყო. ამჯერად აშშ-ში, მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ კი მუშაობა დაიწყო ოჰაიოს უნივერსიტეტში, პოსტ-დოქტორად.

"ოჰაიოს უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში სურვილი გამიჩნდა, ისეთ დარგში მეცადა თავი, რომელიც საშუალებას მომცემდა მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის საფუძვლიანი ცოდნა პრაქტიკაშიც გამომეყენებინა. მინდოდა, ჩემი სამეცნიერო კვლევებით სამომავლო ტექნოლოგიურ პროგრესში შემეტანა წვლილი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გამევლო მაგისტრატურა მისურის უნივერსიტეტში, ამჯერად ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით".

სამაგისტრო ნაშრომზე EMC ლაბორატორიაში მუშაობისას, რომლის პროექტებსაც უშუალო კავშირი აქვს სილიკონ ველიზე მოღვაწე წამყვან კომპანიებთან, დავითის შესაძლებლობებით დაინტერესდა მისი ახლანდელი მენეჯერი, რომელმაც შესთავაზა Cisco-ში სტაჟირების გავლა. ახლა კი დავითი Cisco-ს უფროსი ინჟინერია.

"ყოველი სამუშაო დღე დილით, 7-8 საათზე იწყება და ხშირად შაბათ-კვირასაც ვერ ვისვენებ. Cisco-ში ვარ სიგნალის მთლიანობის უფროსი ინჟინერი. ჩემი მოვალეობაა, კოლეგებთან ერთად, უზრუნველვყო ინფორმაციის უწყვეტი და უშეცდომო გადაცემა ახლანდელ თუ სამომავლო ინტერნეტისა და ქსელურ პროდუქტებში, რომელთა მეშვეობითაც ხდება ინტერნეტკავშირის დამყარება. დამატებით, ვუძღვები და ვესწრები შეხვედრებს, რომლებზეც განვიხილავთ არსებულ ტექნოლოგიურ გამოწვევებს და ვიწყებთ კომპანიის შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვას. ასევე, მიწევს კვლევების ჩატარება Cisco-ს ინოვაციების განვითარების ჯგუფთან ერთად, რაც ემსახურება ისეთი პროდუქციის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს მომავალი თაობის მაღალსიჩქარულ ინტერნეტსა და ქსელურ კავშირებს, როგორებიცაა — 5G და WiFi6. გარდა ამისა, მენტორობას ვუწევ ახლად აყვანილ თანამშრომლებსა და ინტერნებს, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ კი ყოველთვის ვცდილობ მეუღლესთან და შვილთან ერთად დროის გატარებას".

როგორც ზემოთ ვახსენე, ცოტა ხნის წინ, აშშ-ში დავითის გამოგონება დაპატენტდა, რომელიც ეფექტური დიელექტრიკული მუდმივას გაზომვის მეთოდს შეეხება. როგორც თვითონ განმარტავს, ქსელურ პროდუქტებში, ინფორმაციის უშეცდომოდ გადაცემის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია იმ მატერიალის ფიზიკური მახასიათებლების ზუსტი განსაზღვრა, რომლითაც ინფორმაცია გადაიცემა. ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღეს, როცა ინტერნეტსა და ქსელურ კავშირებში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ასეთი მაღალია. ერთ-ერთი ასეთი ფიზიკური მახასიათებელი არის დიელექტრიკული მუდმივა, რომლის რიცხობრივად ცოდნა აუცილებელია. აქამდე არ არსებობდა ამ პარამეტრის სწორად გაზომვის მეთოდი, ეს პატენტი კი საშუალებას იძლევა მაღალი სიზუსტით გაიზომოს დიელექტრიკული მუდმივა. როგორც თეორიული, ასევე ლაბორატორიული კვლევებით დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ამ გაზომვის მეთოდის ჭეშმარიტება დამტკიცებულიყო.

რაც შეეხება მეორე პატენტს, ინტერნეტისა და ქსელური კავშირების სიჩქარის ზრდასთან ერთად, მით უფრო რთული ხდება ინფორმაციის სწორად გადაცემა და ხარისხიანი ინტერნეტკავშირის დამყარება. შესაბამისად, მით უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგებიან მეცნიერები. ამ გამოგონების გამოყენება საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ინფორმაციის გადაცემის ხარისხი როუტრებსა და სვიჩებში. მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნულ ქსელურ პროდუქტებში ინფორმაციის გამართულად და მაღალი სიზუსტით გადაცემა, რადგან პატარა ხარვეზმა შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნას. მაგალითად, ბანკში ფულადი ტრანზაქციის დროს, ინფორმაცის არასწორად გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს თანხის გადარიცხვა არასასურველ მისამართზე.

"ჩემი სამუშაო ემსახურება ხარისხიანი და სწრაფი ქსელური და ინტერნეტკავშირების დამყარებას. ეს პატენტები და სხვა ჩემი სამეცნიერო კვლევები, რომლებსაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვუძღვები, Cisco-ს სწრაფი და მაღალი ხარისხის ქსელური პროდუქტების შექმნაში ეხმარება".

მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტი დიდ ადგილს იკავებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. დავითის პატენტები მნიშვნელოვანია სწრაფი ინტერნეტკავშირების განვითარებისთვის. სწრაფი ინტერნეტი კი ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანისთვის ამარტივებს კომუნიკაციას და საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ყველა სახის საჭირო ოპერაცია აშშ-ში, საქართველოსა თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

"ყოველი სამეცნიერო მიღწევა საინტერესოა ჩემთვის, მაგრამ განსაკუთრებულად ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ზემოთ აღწერილი ჩემი კვლევის პირდაპირი გამოყენება ხდება ამჟამად, Cisco-ს პროდუქციაში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება ინტერნეტ და ქსელური კავშირებისთვის".

ის პროექტები, რომლებზეც დავითი, გუნდთან ერთად, ამჟამად მუშაობს, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ინტერნეტის მომხმარებლებს. "გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი ცვლილებებს შევიტანთ სწრაფი ინტერნეტის ტექნოლოგიებში", — ამბობს ის.

გარდა ამისა, დავითი ამბობს, რომ სამომავლოდ, აქვს სურვილი საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებსაც გაუზიაროს. ამ ეტაპზე კი ცდილობს დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს, რომლებიც სილიკონ ველიზე ცდილობენ მუშაობის დაწყებას. "ამჟამად, ჩემს გუნდში უკვე მუშაობს ქართველი სტუდენტი, დავით ჯანელიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის დუალური პროგრამის კურსდამთავრებული".

დავითს კიდევ უამრავი სამომავლო გეგმა აქვს, რომელიც ინტერნეტ თუ ქსელურ კავშირებს შეეხება, რაც არა მხოლოდ კონკრეტული კონპანიისთვის ან ქვეყნისთვის შეცვლის რამეს უკეთესობისკენ, არამედ ყველა იმ ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც დღეს ინტერნეტს იყენებს.