მასტერქარდი და SoundHound სავაჭრო ხმოვან ასისტენტს ქმნიან
ახალი ხმოვანი ასისტენტი Drive-Thru რესტორნებში ადამიანის ნაცვლად მიიღებს შეკვეთას და უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას — ეს ყველაფერი მასტერქარდისა და SounHound-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ასისტენტის დამსახურებაა. Mastercard AI Powered Drive Drive Throught პროგრამა SoundHound-ის Houndify პლატფორმის სწრაფი კვების ობიექტებში ინტეგრაციას ითვალისწინებს. ახალი პლატფორმა ადამიანებს მომსახურებას ზუსტად ისე გაუწევს, როგორც ამას რეალური თანამშრომელი იზამდა.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Drive-Thru
ახალი პლატფორმა White Castle-ის Drive-Thru რესტორნების ქსელში საპილოტედ ოქტომბერში დაინერგა. მომხმარებლისთვის შეკვეთის პროცესი არაფრით განსხვავდება, რადგან ხელოვნურ ინტელექტს თავისუფლად შეუძლია შეკვეთის შეცვლა, არასასურველი ინგრედიენტების ამოკლება და სხვა. შეკვეთის ბოლოს ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთხელ გადაამოწმებს შეკვეთის სიზუსტეს მომხმარებელთან და მოემზადება თანხის მისაღებად. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში გაიტესტება სისტემა, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი შეკრებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რომელი მომხმარებელი რას უკვეთავს და რომელ ობიექტებზე დადის ყველაზე ხშირად, რაც შემდგომში კომპანიას მომხმარებელზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზების მომზადებაში დაეხმარება. Mastercard-ის ინფორმაციით, იგი ამ ტექნოლოგიის განვითარებას გეგმავს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა სასტუმრო (ჰორეკა), სპორტი და გართობა.
"მოხარულები ვართ Mastercard-თან თანამშრომლობით საცალო გაყიდვების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ქმნის დროულ ინოვაციურ გადაწყვეტას სხვადასხვა კომპანიებისთვის და მათი მომხმარებლებისთვის", — აცხადებს SoundHound-ის ბიზნესის განვითარების ვიცე პრეზიდენტი, ამირ არბაბი, — "მომხმარებელთა აზრით, დღეს შეკვეთის ხმით განხორციელება მეტად მოსახერხებელია და ვიმედოვნებთ, რომ Mastercard დაგვეხმარება შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფაში".
SoundHound და მასტერქარდი პირველები არ არიან, ვინც Drive-Thru რესტორნებში ხმოვანი ასისტენტის იდეას ავითარებს. კოლორადოში დაფუძნებულმა სტარტაპმა, Valyant AI, გასულ წელს მსგავსი სისტემა Good Times Burgers & Frozen Custard რესტორანში დანერგა. რესტორანმა აღნიშნული ინოვაციის ტესტირება იანვარში დაიწყო და მას მხოლოდ საუზმის შეკვეთების მიღებისთვის იყენებდა, რამდენიმე კვირის წინ კი ახალი ტექნოლოგიის დაფარვა სადილსა და ვახშამზეც გავრცელდა. ხელოვნურ ინტელექტს, შეკვეთების მიღების გარდა, მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზებების გაკეთებაც შეუძლია. ამავე ტექნოლოგიით დაინტერსდა მაკდონალდსი და ამისთვის შესაბამისი პროფილის მქონე სტარტაპიც კი შეიძინა.
მასტერქარდის ხმა
AI Powered Drive Through პროგრამა მასტერქარდის ერთ-ერთი მიმართულებაა იმ ტექნოლოგიებიდან, რომლებსაც კომპანია საცალო გაყიდვების ოპტიმიზაციისთვის ავითარებს. მაგალითად, მასტერქარდის ახალი პლატფორმა Shop Anywhere მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს მაღაზიაში სასურველი ნივთი რიგში დგომის გარეშე იმ დროსაც კი, როცა მაღაზია უკვე დაკეტილია და თუ მაღაზიის მეპატრონეს შესაბამისი სერვისი აქვს დანერგილი საკუთარ სავაჭრო ობიექტში. ამ პლატფორმას მასტერქარდი დანქინის ობიექტებზე უკვე იყენებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სასურველი პროდუქტი მოლარესთან კომუნიკაციის გარეშე შეიძინონ.
მასტერქარდი ხმოვან ტექნოლოგიებს აქამდეც იყენებდა — თავდაპირველად კომპანიამ Alexa-ს და გუგლ ასისტენტის ჭკვიანი სპიკერებისთვის Priceless Experiences აპლიკაცია წარმოადგინა, რომელიც დაჯავშნის უნიკალურ გამოცდილებას ქმნიდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ, COVID-19-ის კრიზისის დროს, როცა ჯანდაცვის სისტემა ანგარიშწორების უკონტაქტო საშუალებების გამოყენებისკენ მოგვიწოდებს, მსგავსი სისტემების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კომენტარები