გაიცანით ებისუ — კატა, რომელიც ადამიანის მოძრაობებს იმეორებს
ებისუ, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში ერთადერთი კატა იყოს, რომელსაც ადამიანის მოძრაობების გამეორება შეუძლია. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იაპონიაში მცხოვრებ კატას საკუთარი პატრონის მოძრაობების გამეორება კონტროლირებული სამეცნიერო პირობების დროსაც შეუძლია.
კვლევის ავტორი კლაუდია ფუგაზე დაახლოებით 10 წელია, რაც ძაღლების ქცევებს სწავლობს. იაპონიაში ყოფნის დროს ის შემთხვევით ებისუს გადააწყდა, 11 წლის მდედრ კატას, რომელიც შინაური ცხოველების მაღაზიაში ცხოვრობს. ებისუ საკმაოდ მოტივირებული აღმოჩნდა: საკვების მისაღებად იგი ძაღლების გაკვეთილებს ესწრებოდა, რადგან იცოდა, რომ ადამიანებს იქ კარგი სასუსნაოები ჰქონდათ.
ებისუს ადამიანისთვის დამახასიათებელი ბევრი ქცევის იმიტირება შეუძლია — მათ შორის უჯრების გაღებაც კი. მკვლევრებმა მისთვის ორი ახალი ქცევის გამეორების სწავლება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ადამიანი მაგიდის წინ იდგა, რომელზეც ებისუს გვერდით ყუთი იყო მოთავსებული. როდესაც ადამიანი ყუთს ეხებოდა, კატასაც იგივე უნდა გაემეორებინა.
16 ცდის განმავლობაში ებისუმ დასწავლილი ქცევის გამეორება 81%-ზე მეტჯერ შეძლო. მკვლევრების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის ყუთს ხელსა და სახეს ზუსტად იმ რიგითობით ახებდა, როგორითაც მის წინ მდგომი ადამიანი. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ებისუს შეუძლია, პატრონისა და საკუთარი სხეულის ნაწილებს შორის პარალელები გაავლოს.
მკვლევრების თქმით, ადამიანების ქცევების გამეორების უნარი აქამდე მხოლოდ დელფინებმა, თუთიყუშებმა, ჰომინიდებმა და ცელნამგალა ვეშაპებმა აჩვენეს. მაგრამ თუ ეს უნარი კატებსაც აქვთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მთელ ცხოველთა სამყაროშია გავრცელებული.
თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამაში არაფერი განსაკუთრებული არაა. მათი თქმით, კონკრეტული ცხოველების გაწრთვნა არ ნიშნავს, რომ ეს ქცევა ზოგადად იყოს მათთვის დამახასიათებელი.
კომენტარები