ქალების მიერ მართული 5 ფინტექ სტარტაპი, რომელიც პანდემიას წარმატებით უმკლავდება
2020 წელი არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა და მსოფლიო ჯერ კიდევ ცდილობს გაერკვეს, თუ რა შედეგები მოყვება კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს. ერთადერთი, რაც ახლა დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ეს კი ფინტექ კომპანიებს ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.
ქვემოთ ქალების მიერ მართულ იმ ხუთ კომპანიაზე მოგიყვებით, რომლებმაც შექმნილ მძიმე სიტუაციაში განვითარების გზების პოვნა წარმატებით შეძლეს.
1. სილვია კარასკო — Goldex
გაურკვეველ პერიოდებში ძვირფასი ლითონი, როგორიცაა ოქრო, "თავშესაფრად" რჩება — მისი ფასი დღეს 1 გრამზე რეკორდულ მაჩვენებელს, $60.43-ს აღწევს, რადგან ოქროთი თითქმის ყველა ინვესტორი დაინტერესდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების შესახებ ზუსტი ჩანაწერის არსებობა, პიროვნების ავთენტურობა და უსაფრთხო შესანახი ადგილი ოქროს ფლობისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოადგენს.
Goldex, რომელსაც სილვია კარასკო უძღვება, მომხმარებლებს სთავაზობს მარტივად სანავიგაციო აპლიკაციას, რომელიც წარმოადგენს ფიზიკური ოქროს გლობალურ ბაზარს სამართლიანი განფასებით. აღნიშნულ აპლიკაციაში თქვენ შეგიძლიათ შეიძნოთ, გაყიდოთ ან უსაფრთხოდ შეინახოთ ოქრო თქვენს სმარტფონში დაყენებული აპლიკაციის საშუალებით.
კარასკო 2020 წლის ბოლომდე ოქროს ფასის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობს.
2. პოპი გუსტაფსონი — Darktrace
მსოფლიოში გამოცხადებული საკარანტინე შეზღუდვების გამო ადამიანების უდიდესმა ნაწილმა სამუშაოდ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რასაც ლოგიკურად კიბერთაღლითობის მკვეთრი ზრდაც მოყვა: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყების მომენტიდან კიბერთაღლითობის სტატისტიკა 4-ჯერ გაიზარდა. უსაფრთხოების ექსპერტთა დასკვნით, კიბერთაღლითობის თითოეული ფაქტის გამოძიებაზე საშუალოდ 3 საათი იხარჯება. ხოლო რადგან მსგავსი ტიპის დანაშაული სულ უფრო ხშირ ხასიათს იღებს, ამ პრობლემასთან გამკლავება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
Darktrace წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კიბერუსაფრთხოების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ორგანიზაციას დროის 92%-ის დაზოგვის საშუალებას აძლევს. ე.წ. კორპორატიული იმუნური სისტემა, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის მსგავს ალგორითმს იყენებს, სამუშაო კომპიუტერების სისტემისთვის საფრთხის შემცველ ვირუსებს უმკლავდება.
Darktrace-ის ღირებულება ამჟამად $1.65 მილიარდს შეადგენს და კომპანია მომდევნო წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
3. ენ ბოდენი — Starling Bank
იმ დროს, როცა პანდემია ზოგადად ციფრული ბანკების განვითარებას უწყობს ხელს, ბრიტანული ციფრული ბანკი, Starling Bank, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა ენ ბოდენის მიერ, არა მხოლოდ გაუმკლავდა გაკოტრების საფრთხეს, არამედ მოახერხა და ერთ-ერთი მსხვილი ნეობანკი გახდა, რომელიც ამ პერიოდში მოგებაზე გავიდა.
Starling Bank მომხმარებლებს საკუთარი ფულის ნაკადის ვიზუალიზაციასა და რეალურ დროში ფინანსების მართვაში ეხმარება, რის შედეგადაც, საბანკო საქმიანობა მარტივად გასაგები გახდა. ზუსტად ამ მიზეზით, Starling Bank ევროპის საშუალო და მცირე ბიზნესის სეგმენტში ყველაზე სწრაფი ზრდით გამოირჩევა — ბრიტანეთში მან საშუალო და მცირე ბიზნესის სეგმენტში ბაზრის 2.6% დაიკავა.
პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ Starling Bank-ის მოგების ზრდას შეუწყო ხელი, რადგან ბიზნეს მომხმარებელთა 10% სესხს მიმართავდა. ბოდენის თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში ბანკი ფინტექ კომპანიებთან საპარტნიორო შეთანხმებების გაორმაგებას გეგმავს — სტარტაპი მცირე და საშუალო ბიზნენსისთვის საბუღალტრო, იურიდიულ და სადაზღვევო გადაწყვეტების შექმნას აგრძელებს.
4. ლიზა რასელი — Inbotiqa
მსოფლიოში ყოველდღიურად 124 მილიარდი საქმიანი მეილი იგზავნება და ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ფინანსურ კომპანიებში — განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი გაზიარებულ ელექტრონულ საფოსტო ყუთებს იყენებენ — დისტანციური კავშირის უზრუნველსაყოფად იზრდება მხარდაჭერის ჯგუფის საჭიროებაც.
Inbotiqa, ლიზა რასელის ხელმძღვანელობით, ქმნის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის სამართავ ხელსაწყოს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს, მანქანურ დასწავლასა და მონაცემთა ანალიტიკას იყენებს.
Inbotiqa-მ საკუთარი საქმიანობა ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე, ქალაქ ბელფასტში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნით გააფართოა. Barclays TechStars აქსელერატორში მოხვედრის შემდეგ რასელი Inbotiqa-ში ინკლუზიური მუშაობის მეთოდის განვითარებას გეგმავს.
5. ქეთრინ ვაინსი — WorldRemit
მობილური გადახდების სისტემის შემქმნელი სტარტაპი, WorldRemit, ქეთრინ ვაინსმა 2010 წელს დააფუძნა და მას დღეს 150 ქვეყანაში 4 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ იზოლაციაში ყოფნის დროს საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების განხორციელება გართულდა, მათი წილი დღეს 60 განვითარებად ქვეყანაში მშპ-ს 5%-ს შეადგენს.
WorldRemit-მა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამ მიმართულებით მრავალი ბარიერი მოხსნა და ფულად გზავნილებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა იქ, სადაც ადრე ძველი მოთამაშეები დომინირებდნენ. გასულ წელს სტარტაპმა ინვესტიციის სახით $175 მილიონი მოიზიდა.
განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც COVID-19-მა ეკონომიკური და უკიდურესი სიღარიბის კრიზისი გააღრმავა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ციფრული ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომს ხდიან ფულადი გზავნილების სისტემას.
ეკონომიკური კრიზისიდან გამარჯვებულები გამოვლენ ისინი, ვინც ასეთ დროს მეტ მოქნილობას, ინოვაციურობასა და სწრაფი ადაპტაციის გზას მიმართავს.
კომენტარები