5 უფასო აპლიკაცია, რომელიც საქართველოში პანდემიის გადატანას გვიმარტივებს
კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ოცი ან თუნდაც ათი წლის წინ რომ დასტყდომოდა თავს, ადამიანებს სულ სხვა პირობებში მოუწევდათ გადაეტანათ ეს არაორდინალური გამოცდილება. საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიური წინსვლა, რაც დისტანციურ სერვისებზე წვდომასაც მოიაზრებს, დღევანდელ კრიზისულ პერიოდთან გამკლავებას წარმოუდგენლად ამარტივებს; მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ციფრული სამყარო და მათგან ჩვენს ინტერესებზე მორგებული სერვისები ამოვარჩიოთ.
ქვემოთ იმ უფასო აპლიკაციებზე მოგიყვებით, რომლებიც საქართველოში მცოხვრებთათვის ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: თან ცხოვრების უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალებას გვაძლევს და თან ამ მძიმე თვეებთან ემოციურად გამკლავებაშიც გვეხმარება.
1. EKIMO — სამედიცინო სერვისებზე წვდომის პლატფორმა
პანდემიის პირობებში შეუძლებელია იმაზე საჭირო და აქტუალური სფეროს დასახელება, ვიდრე სამედიცინო სერვისებია. ამიტომაც პირველ რიგში იმ აპლიკაციაზე მოგიყვებით, რომელიც მიზნად ისახავს, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მაქსიმალურად გაგვიმარტივოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ჩივილზე დროული რეაგირება განსაკუთრებით დღეს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. EKIMO ის პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც სამედიცინო დახმარების მიღების ყველა საფეხური წარმოუდგენლად მარტივდება. შემოთავაზებულ სერვისებს შორისაა აპლიკაციაში სასურველი სპეციალისტის მოძებნა, სატელეფონო კონსულტაციის გავლა, სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა და ონლაინ აფთიაქიც კი.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
2. საქართველოს ბანკის მობილბანკი — სრული საბანკო მომსახურება ნებისმიერი ადგილიდან
პანდემიით გადასხვაფერებული ცხოვრების წესი ჩვენგან პირადი ბიუჯეტის ახლებურად დაგეგმვასაც მოითხოვს. მაგალითად — თუ სახლიდან მუშაობა, ერთი მხრივ, ტრანსპორტირებისა და ლანჩის ფულს გვაზოგინებს, მეორე მხრივ, კომუნალურების ხარჯი შეიძლება გაიზარდოს. მსგავს დროებით ცვლილებებს შეუძლია გვაგრძნობინოს, თითქოს ჩვენს ფინანსებზე კონტროლი დავკარგეთ, რაც ხშირად უსაფუძლო შფოთვის წყაროდ იქცევა. ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ დღეს ბანკებში სიარული და ხალხთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება არცთუ სასურველი პერსპექტივაა.
საბედნიეროდ, საბანკო სფერო კვალდაკვალ მიყვება ტექნოლოგიურ წინსვლას, რათა მომხმარებლებს მოთხოვნებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს. ამის მშვენიერი ილუსტრაცია საქართველოს ბანკის მობილბანკია — მისი მეშვეობით თქვენთვის სასურველი საბანკო მომსახურების მიღებას ნებისმიერ დროს თუ ადგილას შეძლებთ და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაიბრუნებთ თქვენს ფინანსებზე კონტროლის შეგრძნებას.
მობილბანკი თავის თავში ყველა საბანკო პროდუქტსა თუ სერვისს იტევს — იქნება ეს ნებისმიერი სახის გადარიცხვები და გადახდები, ციფრული და პლასტიკური ბარათის შეკვეთა, ანაბრის გახსნა კიდევ უფრო მეტი სარგებლით თუ ფულადი გზავნილის მიღება. ფინანსური მენეჯერის ფუნქციონალი კი თქვენს ფინანსებზე ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით და მისი დახმარებით თვის ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯების კონტროლს მარტივად შეძლებთ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოპერაციის შესრულებისას დახმარება დაგჭირდებათ, მობილბანკის ჩატი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ოპერატორი მეგზურობას მაშინვე გაგიწევთ. ეს ყველაფერი არაა: თქვენ მობილბანკით სარგებლობას მაშინაც კი შეძლებთ, თუ ინტერნეტის მეგაბაიტები ან მობილურის ბალანსი ამოგეწურებათ.
ამ აპლიკაციის პრაქტიკულობასა და ეფექტიანობაზე ყველაზე კარგად ის ფაქტი მოწმობს, რომ ანდროიდის მომხმარებლებმა ის უკვე მილიონზე მეტჯერ გადმოიწერეს.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
3. Glovo — პროდუქტების სახლიდან გაუსვლელად მიღების საშუალება
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სივრცეები საკვები პროდუქტების მაღაზიებია. თუ პანდემიამდე დახლებს შორის ნება-ნება სიარული ზოგისთვის თერაპიული საქმიანობაც კი იყო, ახლა მაცივრის საკვებით გავსება გაცილებით სტრესულ პროცესადაა ქცეული.
Glovo-ს სწორედ ამ სტრესისგან შეუძლია თქვენი გათავისუფლება: დღეს უკვე სმარტფონითაა შესაძლებელი სასურველი მაღაზიის ციფრული დახლების თვალიერება, პროდუქტის ასევე ციფრულ კალათაში მოთავსება და თანხის გადახდაც. ამის მერე ერთადერთი, რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ, კურიერისთვის დალოდებაა. ამასთან, მიტანის ეს სერვისი არ შეიმოიფარგლება საკვები პროდუქტებით; გლოვოს დახმარებით შესაძლებელია, საყვარელი რესტორნის მონატრებული კერძი მიიღო ან, თუნდაც, აფთიაქიდან იყიდო მედიკამენტები.
დღევანდელ დღეს საკუთარი თავისა და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვასთან ერთად მეგობრებისა და ნათესავების მოკითხვაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. და რადგან ზედმეტი სოციალიზაციისგან თავის შეკავებით მთელი საზოგადოების კეთილდღეობაში შეიტანთ წვლილს, ახლობლებისადმი ყურადღების გამოჩენა დისტანციურად მეტად გამართლებულია. გლოვო ამაშიც დაგეხმარებათ და თქვენ მიერ გამზადებულ ამანათს დანიშნულების ადგილზე საათზე ნაკლებ დროში მიიტანს.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
4. Bird — ქალაქში სკუტერით გადაადგილების შესაძლებლობა
დიდ ქალაქებში გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებზე გადასვლა უკვე წლებია, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ საკითხადაა ქცეული. საქართველოშიც დიდი ხანია, რაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა მწვავედ დგას. და თუ მშვიდობიან პერიოდში გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაში შეგვიძლია ვეძიოთ, პანდემიის დროს, როცა ხალხმრავლობა ვირუსით დაავადების რისკებს ზრდის, ველოსიპედებისა და ელექტროსკუტერების სარგებლიანობა ერთიორად იზრდება.
სწორედ ამიტომ, საოცრად დროული იყო თბილისსა და ბათუმში ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის, სქროლის გამოჩენა. იმისთვის, რომ ქუჩებში მიმობნეული სქროლის სკუტერებით ისარგებლოთ, Bird-ის აპლიკაციის ჩამოწერა მოგიწევთ. მისი დახმარებით მარტივად ნახავთ, სად მდებარეობს თქვენგან უახლოესი სკუტერი, რომლის გააქტიურებაც 1 ლარი დაგიჯდებათ, ტარების ყოველი მომდევნო წუთი კი — 35 თეთრი.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
5. Duolingo — უცხო ენის შესწავლის შანსი
როგორც ამ სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, პანდემიასთან წარმატებით გამკლავება მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე არ გადის — ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება მაშინ, როცა სწავლა თუ მუშაობა დისტანციურად გვიწევს და, ზოგადად, სოციალიზაციას ვართ მოკლებულნი, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
სახლში განმარტოებით ყოფნას მრავალი უსიამოვნო ფიქრის აღძვრა შეუძლია, რასაც ხშირად შფოთვის მორევში გადავყავართ ხოლმე. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ყურადღების რაიმე სასიამოვნოსა და სასარგებლოზე გადატანაა. თუმცა, პანდემიისას დროის პროდუქტიულად გამოყენებისკენ სწრაფვა არანაკლებ სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ გამოსავალი დასვენებასა და სასარგებლო საქმიანობას შორის ბალანსის დაცვაშია.
უცხო ენების ყოველდღიური, მოკლე გაკვეთილების გზით შესწავლისთვის განკუთვნილი აპლიკაცია, Duolingo, სწორედ მსგავსი ბალანსის პრინციპზეა შექმნილი. მისი დახმარებით, ახალი ენის ათვისების მთლიანი პროცესი მარტივი და სახალისოც კია. და რაც ახლა ყველაზე მთავარია: ის იმის შეგრძნებასაც გაგიჩენთ, რომ როცა სამყარო თითქოს ერთ ადგილზეა გაყინული, პირადი ზრდისთვის ზრუნვა კვლავ შესაძლებელია.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
კომენტარები