ავსტრალიაში ვეშაპების მასობრივ გამორიყვას 90 მათგანი ემსხვერპლა
ავსტრალიაში, ტასმანიის სანაპიროზე 300-მდე ვეშაპი გამოირიყა, რომელთაგან მესამედი მაინც უკვე დაღუპულია.
ამ ეტაპზე სამაშველო ჯგუფებმა 25 ვეშაპის გადარჩენა შეძლეს და სხვების დასახმარებლად ახლაც მუშაობენ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს პროცესი დღეები გაგრძელდება.
კუნძულის დასავლეთ სანაპიროს მეჩხერ წყალში პილოტი ვეშაპები პირველად გუშინ, 21 სექტემბერს შენიშნეს. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით აღმოჩნდნენ ისინი იქ.
ამ ტერიტორიაზე ვეშაპების გამორიყვა იშვიათობა არაა, თუმცა ამხელა რაოდენობით ისინი კუნძულის სანაპიროზე უკვე ათწლეულია, რაც არ აღმოჩენილან. უკანასკნელი მასობრივი გამორიყვა ტასმანიაში 2009 წელს მოხდა, როცა სანაპიროზე 200-მდე ვეშაპი მოხვდა.
როგორ აპირებენ ვეშაპების შველას
ვეშაპების გადარჩენაზე 40-წევრიანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი სპეციალურ მოწყობილობას იყენებენ, რომლითაც ცხოველებს წყლის სიღრმეებისკენ აწვებიან.
"როგორც წესი, ვეშაპები სანაპიროზე მთლიანად არიან ხოლმე გამორიყულები. მაგრამ ახლა სხგვაგვარი სიტუაციაა: მათი ნაწილი სანახევროდ წყალშია, ამიტომ მათი გადაყვანა შედარებით მარტივი იქნება", — აცხადებს ველური ბუნების ბიოლოგი, დოქტორი კრის კარლიონი.
მას შემდეგ, რაც ვეშაპები შედარებით ღრმა წყალში თავს უკეთ იგრძნობენ, მომდევნო ნაბიჯი მათი უფრო შორს შეყვანაა. ეს პროცესი ძლიერმა მოქცევამ შეიძლება გაართულოს. შესაბამისად, ვეშაპებისთვის გზის გასაკვალად მცირე ზომის გემებიც შეიძლება გამოიყენონ.
კარლიონისვე ცნობით, ვეშაპთაგან ზოგიერთი ზედმეტად დიდია ან მოუხერხებელ პოზიციაშია, რაც მათი გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. პილოტი ვეშაპები 7 მეტრამდე იზრდებიან და 3 ტონასაც კი შეიძლება იწონიდნენ. "ჩვენ იმ ცხოველებზე ვკონცენტრირდებით, რომლებსაც გადარჩენის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ", — აცხადებს კარლიონი.
წინა სამაშველო ოპერაციებიდან ცნობილია, რომ ვეშაპებს გამორიყვის მერე სამიდან ოთხ დღემდე შეუძლიათ ცოცხლად დარჩენა.
რატომ ირიყავენ თავს ვეშაპები
მკვლევართა თქმით, ვეშაპები თავიანთ ლიდერებს მიჰყვებიან და მსგავსი ძლიერი სოციალური კავშირები შეიძლება გახდეს მთლიანი ჯგუფების სანაპიროზე გამორიყვის მიზეზი.
"ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ერთ ან ორ მათგანს, უბრალოდ, გზა აერიათ და სხვები მათ კვალს გაჰყვნენ", — ამბობს კარლიონი.
კომენტარები