პროფესიული გადაწვა (burnout) არის ფიზიკური, გონებრივი, ფსიქო-ემოციური, ხანგრძლივი სტრესით გამოწვეული გამოფიტულობა — ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემების ერთგვარი კომპლექსი. მას ჯანმრთელობისთვის პრობლემების შექმნის გარდა შეუძლია, ადამიანი სრულად ჩამოშალოს და წაართვას შრომისუნარიანობა. იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მივიყვანოთ, არსებობს საიტი — BurnoutIndex.org.

თუ თქვენ ტექინდუსტრიაში მუშაობთ, აღნიშნული ვებსერვისი სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით დაგეხმარებათ, შეაფასოთ გადაწვის ის რისკი, რომელიც თანამედროვე სამყაროში ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტის წინაშე დგას. სერვისი ასევე მოგცემთ საშუალებას, დაიცვათ საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა სამსახურში.

"მაშინ, როცა გადაწვა ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ტექნოლოგიური ინდუსტრია ამ მხრივ უნიკალურია მისი სწრაფად ცვალებადი გარემოს გამო, სადაც ყოველთვის მაქსიმალური მოლოდინია თანამშრომლების მიმართ. ტექნიკურ დეტალებზე ყურადღების გამახვილებისას კი ხშირად გვავიწყდება ადამიანური მხარე", — წერს იდეის ავტორი, მარკოსი.

სერვისი სრულიად უფასოა და 10 კითხვაზე პასუხის გაცემით, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენად მაღალია თქვენი გადაწვის რისკი. ტესტის შეგიძლიათ ამ ბმულზე გაიაროთ.