20 სექტემბრიდან აშშ-ში ტიკტოკის და WeChat-ის გადმოწერა აიკრძალება
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე ტიკტოკის გადმოწერა აპლიკაციების ოფიციალური მარკეტიდან 20 სექტემბრიდან შეუძლებელი გახდება. ცნობა ამის შესახებ დღეს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტიკტოკის შემქმნელი კომპანია, ByteDance ამერიკულ კომპანიებთან, მაიკროსოფტთან და Oracle-თან ერთად ახალი კომპანიის — TikTok Global-ის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მოლაპარაკების მიზანი იყო შექმნილიყო კომპანია, რომელიც მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ტრამპის ადმინისტრაციის ეჭვებს გააქარწყლებდა.
სექტემბრის დასაწყისში ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ტიკტოკის ოპერირება ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალებოდა იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბრამდე მას არ იყიდდა რომელიმე ამერიკული კომპანია. ახალი მყიდველების კანდიდატებს შორის იყვნენ Oracle, Walmart და მაიკროსოფტი. ამჟამად ტრამპის ადმინისტრაცია მსჯელობს იმ პირობებზე, რომლითაც უნდა განხორციელდეს ჩინური სტარტაპის შესყიდვა აშშ-ში.
ახალი ბრძანების მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაცია WeChat-ის და ტიკტოკის გადმოწერის შესაძლებლობა 20 სექტემბრიდან შეიზღუდება.
Reuters-ისვე ცნობით, ადმინისტრაციის ბრძანებით, ეფლმა და გუგლმა საკუთარი აპლიკაციების მარკეტიდან აშშ-ში მცხოვრები ადამიანებისთვის ამ ჩინური აპლიკაციის გადმოწერის შესაძლებლობა უნდა შეზღუდოს. ბრძანება ამერიკული კომპანიებისგან ტიკტოკის სხვა ქვეყნებში წაშლას არ მოითხოვს. გარდა ამისა, ამერიკულ კომპანიებს, როგორებიც არიან Walmart და Starbucks, კვლავ ექნებათ WeChat-ის მეშვეობით ვაჭრობის უფლება.
"ჩვენ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები ამერიკის მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის ჩინეთის ხელისუფლებისგან დაცვის მიზნით და ამავდროულად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც აშშ-ის კანონების სრულ დაცვას მოითხოვს", — აცხადებს ვაჭრობის მინისტრი, უილბურ როსი.
ეფლს და გუგლს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
კომენტარები