ადამიანებმა ძაღლების არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ მათი ტვინის სტრუქტურაც შევცვალეთ
ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები ძაღლებთან ერთად ვცხოვრობდით. შედეგად, ჩვენ ისინი უშიშარი მგლებიდან ფუმფულა, კუდქიცინა არსებებად ვაქციეთ, რომლებიც ზომებით ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებიან: არსებობენ როგორც პაწაწინა პომერანები, ასევე გიგანტური გერმანული დოგები. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით კი, ადამიანებმა ძაღლებზე იმაზე მეტი გავლენა მოვახდინეთ, ვიდრე გვგონია — ჩვენ მათი ტვინის სტრუქტურა შევცვალეთ.
კვლევის ჩასატარებლად, ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებმა 33 სხვადასხვა ჯიშის 62 წარმომადგენლის MRI შეაგროვეს. ძაღლებს, მათ შორის ბიშონს, ლაბრადორს და სხვებს, თავის სხვადასხვანაირი ზომა და ფორმა აქვთ. თუმცა მხოლოდ ეს გარემოება ძაღლების ტვინის სახესხვაობებს ვერ ხსნის.
მკვლევრებმა ტვინის რეგიონების 6 ქსელი დააფიქსირეს, რომელიც ძაღლებში სხვადასხვანაირი ზომითაა წარმოდგენილი. მათი აზრით, ეს რეგიონები სხვადასხვა ქცევის დროს ერთად მოქმედებენ. მკვლევრები დაინტერესდნენ, იყო თუ არა ამ ქსელებს შორის სახესხვაობები ჯიშებს შორის არსებული განსხვავებული ქცევით გამოწვეული. მაგალითად, ბიგლებს ადამიანებში სიმსივნეების ამოცნობა შეუძლიათ, ბორდერ-კოლს კი ასობით ცხვარს შესაშური სისწრაფითა და სიმარჯვით უვლის.
გუნდმა იმაზე დაკვირვებები დაიწყო, თუ რამდენად განსხვავდებოდა ეს ქსელები სხვადასხვა დავალებისთვის გამოყვანილ ჯიშებს შორის. 6 ქსელიდან თითოეული მინიმუმ ერთ ქცევით ჩვევასთან არის კავშირში. ბოქსიორებს და დობერმანებს, რომლებიც პოლიციელ ძაღლებად გამოიყენებიან, ყნოსვასთან და მხედველობასთან დაკავშირებული ქსელი სხვა ჯიშებთან შედარებით განსხვავებული ჰქონდათ. ძაღლის იმ ჯიშების ტვინებმა კი, რომლებიც სპორტული ბრძოლებისთვის შექმნეს, იმ ქსელებში აჩვენა ცვლილებები, რომლებიც შიშთან, სტრესთან და შფოთვასთანაა დაკავშირებული.
მკვლევრები განსაკუთრებით დაინტერესებულები იმ ძაღლებს შორის არსებული განსხვავებებით იყვნენ, რომლებიც მხედველობისა და სუნის მეშვეობით ნადირობენ. ძაღლებს, რომლებიც სუნის მიხედვით ნადირობენ, ცვლილებები იმ რეგიონში, რომელიც სუნს აღიქვავს, არ აღენიშნებოდათ — ცვლილება მეცნიერებმა იმ რეგიონებში იპოვეს, რომელიც ძაღლებს სუნით მიღებული ინფორმაციის გააზრებასა და კომუნიკაციაში ეხმარებათ.
"ძაღლების მწრთვნელებისგან ხშირად გამიგია, რომ ისინი იმაზე კი არ მუშაობენ, რომ ძაღლს რაიმეს დაყნოსვა ასწავლონ, არამედ იმაზე, რომ მან მიღებული ინფორმაციის მოწოდება შეძლოს", — განაცხადა კვლევის ავტორმა ერინ ჰეჩმა.
ჰეჩის თქმით, მისი კვლევის ნაკლი ის იყო, რომ მასში მოანწილე ყველა ძაღლი შინაური გახლდათ და არა — მომუშავე. მისი თქმით, კვლევის შედეგებს ბევრ სფეროზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა. ხოლო ფაქტი, რომ ჩვენ მიერ მოშინაურებულ ცხოველზე ასეთ ფუნდამენტურ გავლენას ვახდენთ და მისი ტვინის სტრუქტურასაც ვცვლით, ნამდვილად მნიშვნელოვანია.
კომენტარები