ჩინეთში სკოლასთან ახლოს ახლახან გაშვებული რაკეტის ნაწილი ჩამოვარდა
ჩინეთის რაკეტამ, Long March 4B-მ ახალხან თანამგზავრი წარმატებით გაუშვა, თუმცა როდესაც ამაჩქარებელი უკან ეშვებოდა, იგი სკოლასთან შეჯახებას სულ მცირედით ასცდა — თვითმხილველებმა ამ კადრების ვიდეოზე აღბეჭვდაც მოახერხეს.
რაკეტამ ორბიტაზე თანამგზავრი Gaofen 11 გაუშვა, რომელიც დედამიწას დააკვირდება და მაღალი გარჩევადობის ფოტოებს გამოგვიგზავნის. თანამგზავრის ძირითადი მიზანი სწორედ დედამიწის დათვალიერება იქნება. მიღებულ მასალას შემდგომ ქალაქების დაგეგმარებაში, გზის ქსელების დიზაინის შერჩევასა და კატასტროფების პრევენციისთვის გამოიყენებენ.
ჩინურ სოციალურ ქსელში განთავსებულ სამოყვარულო ვიდეოში ნაჩვენებია, რომ რაკეტის ნაწილი დედამიწაზე ეცემა და ფეთქდება. ვიდეო სოფელ ლილონგთან ახლოსაა გადაღებული და, როგორც ჩანს, მისი ერთი ნაწილი სკოლის ეზოდან გადაიღეს, სადაც ბავშვების ხმები ისმის, მოშორებით კი კვამლი ჩანს. რაკეტა ჰიდრაზინისა და აზოტის ტეტროქსიდის ტოქსიკურ ნაზავს იყენებს, მასთან კონტაქტი კი, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში აღმოჩნდეს.
სიჩანიდან რაკეტების გაშვების დროს მიმდებარე დასახლებულ ადგილებში ხომალდთა ნარჩენები ხშირად შეინიშნება. ამ ტერიტორიებზე პოტენციური საფრთხის არსებობის შემთხვევაში რაკეტის გაშვებამდე მოსახლეობას აფრთხილებენ და ევაკუაციაც წინასწარ ხდება ხოლმე. 7 სექტემბრის ეს ინციდენტი მოწმობს, რომ გამაფრთხილებელი ზომები საკმარისი ყურადღებით არ იყო მიღებული. თუმცა თავად კადრების არსებობა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ადგილობრივები რაკეტის ნაწილის დაშვების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.
Gaofen 11 ჩინეთის საჰაერო და კოსმოსური სივრცის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაერთიანების მიერ შეიქმნა. თავად რაკეტა კი შანხაის კოსმოსური ფრენების აკადემიამ ააწყო.
ეს გაშვება 2020 წელს ჩინეთისთვის 25-ე იყო. ამ გაშვებათა შორის Long March 5B-ის სატესტო ფრენაც შესრულდა, რომელიც ქვეყნის პირველი დამოუკიდებელი პლანეტათაშორისი მისიის, Tianwen-1-ის ფარგლებში იქნება გამოყენებული. 25 გაშვებიდან 3 წარუმატებლად დასრულდა.
კომენტარები