ნოტრ-დამის ხანძრის შედეგად ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ტონა ტყვია გამოიყო
2019 წლის 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი წაეკიდა და ის ცხრა საათის განმავლობაში იწვოდა. თუმცა ხანძრის ჩაქრობიდან წელიწადზე მეტი დროის გასვლის შემდეგაც კი ამ ინციდენტის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი კვლავ ნარჩუნდება.
ამის მიზეზი ისაა, რომ ტაძარი 460 ტონა ტყვიას შეიცავდა და მისი ნაწილი ხანძრის დროს ჰაერში გამოიყო. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პარიზში ხანძრის მიმდებარე უბნების ტყვიით დაბინძურების ხარისხის გაზომვა გადაწყვიტეს, რადგან ამ ნივთიერების გარემოში თუნდაც მცირე რაოდენობით არსებობასაც კი ბავშვების კოგნიტურ განვითარებაზე სავალალო გავლენის მოხდენა შეუძლია.
გასულ თვეს გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა ტაძრის გარშემო ერთი კილომეტრის რადიუსში შეგროვებული მიწის ნიმუშები გააანალიზეს. მათ დაადგინეს, რომ ნოტრ-დამის ხანძრის შედეგად მოცემულ ფართობზე ათასი კილოგრამი ტყვია გამოთავისუფლდა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საფრანგეთის მთავრობის ადრეულ გამოანგარიშებებს, რომლის მიხედვითაც, გარემოს ხანძრის შედეგად მხოლოდ 150 კილოგრამი ტყვია შეერია.
მონაცემთა შორის მსგავსი აცდენა ცხადყოფს, რომ უბედური შემთხვევის მერე მეტად ზედმიწევნითი გამოკვლევები უნდა ჩატარებულიყო. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ახალი კვლევის ავტორთა თქმით, გამოყოფილი ტყვია ადამიანთათვის იმაზე ნაკლებად სარისკოა, ვიდრე ტყვიაგარეული ბენზინის გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ სანამ შესაბამის რეგულაციებს მიიღებდნენ, ათწლეულების განმავლობაში ავტომობილებისთვის განკუთვნილ საწვავში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ოდენობის ტყვიას ძრავის სიძლიერის გასაზრდელად ურევდნენ. ბენზინიდან ტყვიის ამოღების პროცესი 1995 წელს დასრულდა.
კვლევა ჟურნალში American Geophysical Union გამოქვეყნდა.
კომენტარები