ეს გიგანტური სფერო Apple-ის მსოფლიოში პირველი წყალზე მოტივტივე მაღაზიაა
მართალია, პანდემიის პერიოდში Apple-ის მაღაზიათა საერთაშორისო ქსელში ვაჭრობა შენელდა, თუმცა ამას კომპანიისთვის უნიკალური დიზაინისა და არაამქვეყნიური შესახედაობის ახალი მაღაზიის გახსნაში ხელი სულაც არ შეუშლია.
ახალი შენობა სინგაპურის სანაპიროზე მდებარეობს და მისი ოფიციალური სახელი Apple Marina Bay Sands არის. ამასთან, ის "ჩვენს პლანეტაზე ეფლის ერთადერთი წყალზე მოტივტივე მაღაზიის" სტატუსის მატარებელიცაა.
სინგაპურში აქამდე Apple-ის ორი მაღაზია მდებარეობდა. მათგან პირველი 2017 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე სინგაპურის ჩანგის აეროპორტის შიგნით, მაღაზიათა სექციაში მდებარეობს (ჩანგის აეროპორტი იმითაცაა ცნობილი, რომ მასში დახურულ სივრცეში არსებული ყველაზე დიდი ჩანჩქერის ხილვაცაა შესაძლებელი).
სინგაპურში Apple-ის ეს მესამე, მსოფლიოში კი რიგით 512-ე, წყალზე მოტივტივე მაღაზია დღის განმავლობაში უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდს ან ოპერის ფუტურისტულ შენობას წააგავს.
აი, ღამით კი სრულიად განსხვავებული სანახაობა იშლება: ფონზე გამოსახული სინგაპურის გადანათებული ცათამბჯენები ჰარმონიულად ერწყმის მბზინავ სფეროს და ცხადი ხდება, რომ შენობის დიზაინი, პირველ რიგში, სწორედ ღამის პეიზაჟზეა მორგებული.
9to5Mac-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე მაღაზია "ყურეზე მდგარ შუქურად" მოიხსენიება: "დღისით მაღაზიის შუშის პანელები ქალაქის ცენტრის ცათამბჯენებსა და მის ქვეშ მოლივლივე წყალს ირეკლავს. ღამით სფერო ნაზად ბზინავს და ამით სინგაპურის შუა შემოდგომის ფესტივალის შუქურებს მოგვაგონებს", — ვკითხულობთ მარკეტინგულ მასალაში, — "პავილიონის თაღი ამოჭრილ სარკმელთან ვიწროვდება, რაც შენობაში სინათლის დაუბრკოლებლად შესვლას უზრუნველყოფს".
ფოტო: Suhaimi Abdullah / Getty Images
იმავე წყაროზე დაყრდნობით ასევე ცნობილია, რომ მაღაზიაში "იგივე თავდაცვითი ზომები იქნება მიღებული, რაც სინგაპურში მდებარე Apple-ის სხვა მაღაზიებშია". თავდაცვით ზომებში, რა თქმა უნდა, COVID-19-თან დაკავშირებული წესები იგულისხმება, რაც შენობაში მყიდველთა ლიმიტირებულ დაშვებას, ნიღბების ტარების აუცილებლობას და სხვა ჰიგიენური წესების დაცვას მოიაზრებს.
კომენტარები