ამ "საზარელ ნიანგს" ბანანის ზომის კბილები ჰქონდა და ალბათ დინოზავრებს ჭამდა
ცარცული პერიოდის დედამიწა დღევანდელისგან ძალიან განსხვავებული იყო. ჩრდილოეთ ამერიკაში უზარმაზარი ზღვა იყო და დინოზავრები მის სანაპიროებზე ჯერ კიდევ სახლობდნენ. თუმცა, ბევრ მათგანს სანაპიროსთან განსაკუთრებული სიფრთხილე მართებდა.
წყალში Deinosuchus ბინადრობდა, ეგრეთ წოდებული "საზარელი ნიანგი". ეს ცხოველი ჭეშმარიტი აპექს მონადირე გახლდათ და, სავარაუდოდ, კვებითი ჯაჭვის თავში იყო მოქცეული.
Deinosuchus-ის ძვლები პირვლად აშშ-ში, 1850-იან წლებში იპოვეს, თუმცა ამ ცხოველის კონკრეტული სახეობისთვის მიკუთვნება დღემდე საკამათო საკითხია.
ახალ კვლევაში აიოვას უნივერსიტეტის მკლვევრებმა ძველი ნამარხები ახალ ნიმუშებთან ერთად დეტალურად შეისწავლეს. მათ დაასკვნეს, რომ "საზარელი ნიანგი", სავარაუდოდ, სამ სახეობას აერთიანებდა: D.Riograndensis-ს, D.Hatcheri-ს და D.Schwimmeri-ს.
"საზარელი ნიანგის" ყველაზე ადრეული ნამარხები 82 მილიონი წლით თარიღდება, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, ზემოხსენებული სამი სახეობის საერთო წინაპარი დედამიწაზე ბევრად ადრეც დაეხეტებოდა.
პალეონტოლოგები ამბობენ, რომ დღევანდელი ნიანგები "ცოცხალი ნამარხები" არ არიან. თანამედროვე ნიანგი ისევე დინამიურად შეიცვალა წინაპრებისგან, როგორც არაერთი სხვა ცხოველი. "საზარელი ნიანგები", სავარაუდოდ, 10 მეტრის სიგრძეს აღწევდნენ და ვიზუალურად ალიგატორებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ნიანგებს.
მკვლევრები ამბობენ, რომ 82 მილიონი წლის წინ, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე "საზარელი ნიანგები" დაძრწოდნენ, ისინი იქ ყველაზე დიდი მტაცებლები იყვნენ.
კვლევა Journal of Vertebrae Paleontology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები