"ბუმერებში" კოგნიტური უნარების დაქვეითება წინა თაობებზე უარესია
აშშ-ში "ბეიბი ბუმერებს" მეორე მსოფლიო ომის მიწირულს და შემდგომ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს ეძახიან. აშშ-ის ისტორიაში ეს პერიოდი უპრეცედენტო ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უკავშირდება.
ამის გამო მიიჩნეოდა, რომ ბუმერებს წინა თაობასთან შედარებით უფრო "მარტივი" და ნაკლებად სტრესული ცხოვრება ჰქონდათ. თუმცა ახალი მასშტაბური კვლევა აჩვენებს, რომ ბუმერების თაობას ახლა სერიოზული კოგნიტური პრობლემები აქვთ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 50 წელს გადაცილებული 30 ათასი ადამიანის "კოგნიტური შეფასებები" ერთმანეთს შეადარეს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ 1923 წლიდან მოყოლებული, თაობებში მოხუცებულობისას კოგნიტური უნარების შენარჩუნების ხარისხი უმჯობესდებოდა. პირველი ვარდნა 1948 წელს დაბადებულთა მონაცემებში ფიქსირდება.
მეცნიერებისთვის ეს შედეგი მოულოდნელი იყო.
"ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ კოგნიტური უნარების დაქვეითება ყველა ჯგუფში შეინიშნება: ქალებში, კაცებში, თეთრკანიანებში, შავკანიანებში, მდიდრებში, ღარიბებში და ა.შ.", — ამბობს კვლევის თანაავტორი ჰუი ძენზი.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ "ბეიბი ბუმერებში" კოგნიტური ნიშნის დაქვეითება შედარებით რთული ეკონომიკური მდგომარეობით, მარტოობის და დეპრესიის მზარდი ტენდენციით და ჭარბწონიანობით არის განპირობებული. ეს ფაქტორები კოგნიტური უნარების დაქვეითებასთან მჭირდო კავშირშია.
აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პოპულაციური გაუარესების ტრენდი და ჭარბწონიანობის პრობლემა აშშ-ში ახლაც აქტუალურია და სრულიად შესაძლებელია, ახალი თაობის წარმომადგენლებიც მოხუცებულობაში იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
კომენტარები