როგორც ირკვევა, ხვლიკებს რამდენიმე კუდის ერთდროულად გაზრდა შეუძლიათ
Biological Review-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხვლიკებს იმაზე უცნაური რეგენერაციული თვისებები აქვთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ცნობილი ამბავია, რომ ქვეწარმავლები საფრთხის მოახლოებისას კუდს "იძრობენ", რომლის განახლებაც მალევე შეუძლიათ ხოლმე.
თუმცა, როგორც ირკვევა, კუდის "არანორმალური" რეგენარაცია ხვლიკებში და სავარაუდოდ სხვა ქვეწარმავლებშიც იმაზე ხშირია, ვიდრე გვეგონა. ზოგი ხვლიკი 6 კუდსაც კი იზრდის.
ფართომასშტაბიანი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ხვლიკებში არანორმალური რეგენერაციის საბუთები 63 სხვადასხვა ქვეყნიდან შეაგროვეს. ახალი მონაცემების მიხედვით, ერრთდროულად ერთზე მეტი კუდის გაზრდა ხვლიკების 3%-ზე მეტს ახასიათებს. მეცნიერების თქმით ეს საკმაოდ მაღალი მონაცემია და ბევრ კითხვას აჩენს: მაგალითად, რა გავლენა აქვს დამატებით კუდს ხვლიკების ცხოვრებაზე და მათ ფიზიოლოგიაზე.
კვლევის თანაავტორი, ბილ ბეტმანი მიიჩნევს, რომ "მრავალკუდიანობა", შესაძლოა, ხვლიკების ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად აისახება. დამძიმებული სხეულის მასა ხვლიკს, სავარაუდოდ, გაქცევაში ხელს უშლის. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და დამატებით კვლევას საჭიროებს.
მეცნიერები ასევე მიიჩნევენ, რომ მსგავსი ანატომიური ცვლილებები ხვლიკების ქცევაზეც მნიშვნელოვნად აისახება.
კომენტარები