მომხმარებლებმა GitHub-ზე ტექნიკური ხარვეზები პირველად, თბილისის დროით პირველ საათზე შეამჩნიეს. სერვისის მუშაობის პროცესში ისინი სხვადასხვა შეცდომას ხვდებოდნენ, ასევე საგრძნობლად შენელებული იყო გვერდის ჩატვირთვის პროცესი.

მომხმარებლების მხრიდან შეცდომების შესახებ შეტყობინების მიღებიდან ნახევარ საათში GitHub-ის სპეციალისტებმა შეცდომის გამოწვევი მიზეზის ძიება და სერვისის ფუნქციონირების აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს.

გამოცემა The Verge-ის ცნობით, პროგრამული უზრუნველყოფის ათასობით დეველოპერი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა GitHub-ში ავტორიზაციის გავლას, ზოგი მათგანი კი ინტეგრირებული დეველოპმენტის გარემოსაც (IDE) ვერ იყენებდა.

Nimble Industries ინფორმაციით, 2018 წელს სერვისის მაიკროსოფტის ხელში გადასვლის შემდეგ GitHub-ში ინციდენტების რაოდენობა მხოლოდ გაიზარდა. მაგალითად, დაახლოებით ორი წლის წინ სერვისის მუშაობაში მხოლოდ 89 ინციდენტი გამოვლინდა, ბოლო 24 თვეში კი ტექნიკური გაუმართაობის ფაქტების რაოდენობამ 126-ს მიაღწია. ასევე გაიზარდა წუთების რაოდენობა, როცა სერვისის გარკვეული კომპონენტები არ ფუნქციონირებდა. 2016-2018 წლებში ასეთი წუთების რაოდენობა 6,110-ს შეადგენდა, ხოლო 2018-2020 წლებში ამ რიცხვმა 12,074 წუთს მიაღწია.

GitHub ერთ-ერთი პოპულარული კოდის რეპოზიტორია, რომელსაც დეველოპერები და მთლიანი ორგანიზაციები საკუთარი პროექტების და კოდის გასათავსებლად იყენებენ. აღნიშნული სერვისით სარგებლობენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიც არიან ეფლი, ამაზონი, გუგლი და ფეისბუქი. GitHub-ზე კოდის რეპოზიტორიების რაოდენობა 100 მილიონს აღწევს, რომლებშიც 40 მილიონზე მეტი დეველოპერი მუშაობს.


სერვისის მუშაობა სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის სრულად აღდგა.