რუსეთი ტელეგრამზე შეზღუდვებს ხსნის — როსკომნადზორი
ორი წლის წინ რუსეთის სასამართლომ კომუნიკაციების ფედერალური სამსახურის, როსკომნადზორის მიერ ტელეგრამის დაბლოკვის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა 18 ივნისს როსკომნადზორმა გადაწყვეტილება შეცვალა და 2-წლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მესენჯერის ბლოკირება შეწყვიტა.
"ტელეგრამის შემქმნელების თქმით, ისინი მზად არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ ტერორიზმსა და ექსტრემიზმს, რასაც მივესალმებით. გენერალურ პროკურატურასთან შეთანხმების შედეგად, როსკომნადზორმა მოხსნა ტელეგრამის მესენჯერზე წვდომის შეზღუდვის მოთხოვნა", — ნათქვამია როსკომნადზორის განცხადებაში.
რუსეთში მცხოვრები მომხმარებლებისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რადგან ტელეგრამი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გასული ორი წლის განმავლობაში ისედაც შეუფერხებლად მუშაობდა. ამასთან, აკრძალვის მიუხედავად, ისეთ სამთავრობო ორგანოებს, როგორიცაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორონავირუსის ეროვნული ოპერატიული ჯგუფი, ტელეგრამზე მაინც ჰქონდა ოფიციალური არხები.
შეგახსენებთ, რომ ტელეგრამის შეზღუდვის გადაწყვეტილება როსკომნადზორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მესენჯერის შემქმნელებმა უარი თქვეს კრიპტოგრაფიული გასაღების უშიშროების სამსახურისთვის გადაცემაზე. კრიპტოგრაფიული გასაღები საიდუმლო შიფრებია, რომლებიც შეტყობინებების წაკითხვისთვისა და დაშიფრისთვის მესენჯერის ალგორითმებში გამოიყენება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, შიფრების გადაცემა შეუძლებელია, რადგან ისინი მუდმივად იცვლება და სხვადასხვა იურისდიქციით კონტროლდება.
კომენტარები