ტვიტერმა iOS-ზე აუდიოტვიტების მხარდაჭერის ტესტირება დაიწყო
ტვიტერმა საკუთარ ტვიტებში აუდიოჩანაწერის მიმაგრების ფუნქცია დაამატა. ახალი შესაძლებლობა თავდაპირველად iOS-ზე და მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
"ზოგჯერ 280 სიმბოლო არასაკმარისია, ხოლო მეტყველებისას გამოვლენილი ნიუანსები სათქმელის ტექსტად ქცევისას თავის ელფერს კარგავენ. ზუსტად ამიტომ, დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ახალი ფუნქციის ტესტირებას, რომელიც ტვიტერს გამოყენებისას, თქვენი ხმის სახით, უფრო მეტ ადამიანურობას შემატებს", — ნათქვამია ტვიტერის ოფიციალურ ბლოგში.
თუ თქვენთვის ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია, მაშინ ახალი ტვიტის შექმნის ფანჯარაში, კამერის გვერდზე დაინახავთ აუდიოტალღებით გამოსახულ ღილაკს. თითოეულ ტვიტში აუდიოფაილის ხანგრძლივობა 140 წამს შეადგენს, თუმცა, ამ დროის ამოწურვის შემდეგ ჩაწერა გრძელდება და იქმნება ტვიტების ჯაჭვი, რომელიც 140-წამიანი აუდიოტვიტების ფრაგმენტებად არის დაყოფილი.
აუდიოტვიტის დამატება შესაძლებელია მხოლოდ საავტორო ტვიტში, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ფუნქცია მიუწვდომელია ტვიტზე პასუხის გაცემის ან რეტვიტის (ტვიტის გაზიარების) შემთხვევაში.
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ — აუდიოტვიტის ფაილში ავტომატურად გამოჩნდება ჩაწერის მომენტისთვის დაყენებული თქვენი პროფილის სურათი, რომელიც სტატიკურია და მომავალში არ შეიცვლება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქცია ჯერჯერობით ტესტირების ადრეულ ეტაპზეა და უცნობია, როდის გამოჩნდება აუდიოტვიტების მხარდაჭერა ანდროიდზე.
კომენტარები