თავისი სახეობის გადამრჩენელი გიგანტური კუ დიეგო სახლში დაბრუნდა
ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, გიგანტური გალაპაგოსელი კუ დიეგო, რომელმაც დაუღალავი შრომის წყალობით თავისი გადაშენების პირას მყოფი სახეობა გადაარჩინა, 15 ივნისს მშობლიურ კუნძულზე დააბრუნეს.
"ჩვენ მნიშვნელოვან ეტაპს ვუახლოვდებით", — განაცხადა მინისტრმა, — "25 კუსთვის, მათ შორის დიეგოსთვის, ათწლეულების განმავლობაში შთამომავლობის დატოვების პროცესი დასრულდა".
სანამ სახლში დაბრუნდებოდნენ, დიეგოს და სხვა კუებს კარანტინის გავლა მოუწიათ, რათა მათ იმ მცენარეების თესლები არ წაეღოთ თან, რომლებიც კუნძულისთვის უცხოა.
დიეგო დაახლოებით 80 კილოგრამს იწონის, სიგრძეში დაახლოებით 90 სანტიმეტრია, ფეხებისა და კისრის გაჭიმვის შემთხვევაში კი მისი სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.
სანტა-კრუსზე დიეგოს მოღვაწეობა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან პარკის მცველების თქმით, მისი სახეობის კუების პოპულაციის მინიმუმ 40% მისი შთამომავლებისგან შედგება.
დაახლოებით 50 წლის წინ დიეგოს სახეობის მხოლოდ 14 წარმომადგენელი იყო შემორჩენილი: 2 მამრი და 12 მდედრი. ამასთან, ისინი იმდენად გაფანტულები იყვნენ, რომ მათი შეჯვარება თითქმის წარმოუდგენელი იყო.
დიეგო კალიფორნიის სან-დიეგოს ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს, რათა სპეციალურ პროგრამას შეერთებოდა, რომელიც სახეობის გადასარჩენად 1960-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო.
ეროვნული პარკის მიხედვით, დიეგო თავდაპირველად გალაპაგოსიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში სამეცნიერო ექსპედიციის დროს წამოიყვანეს.
ეკვადორის გალაპაგოსის კუნძულები, რომლებიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ცნობილი მე-19 საუკუნეში, ჩარლს დარვინის კვლევების დროს გახდა.
ამავე თემაზე:
კომენტარები