მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გარემოში გაშვებას ეწინააღმდეგებიან
მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბიოტექონოლოგიური კომპანია Oxitec ფლორიდასა და ტეხასში მილიონობით გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვებას გეგმავს. კომპანიის მიზანს ისეთი დაავადებების გავრცელების შეჩერება წარმოადგენს, როგორიც დანგეს ციებ-ცხელება და ზიკას ვირუსია.
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ გეგმა უკვე დაამტკიცა, თუმცა ბიოლოგების და ეკოლოგების გუნდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ეკოსისტემაში მსგავსი ჩარევა, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს და ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ღელავენ.
თეორიულად, გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების ბუნებაში გაშვება ადგილობრივი პოპულაციების შემცირებისა ან მოსპობის ეფექტიანი გზაა — სტერილური მწერების საშუალებით მეცნიერებს მომდევნო თაობების რაოდენობის შემცირება შეუძლიათ.
კომპანიის კონცეფციამ ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით იმუშავა. თუმცა, როცა ეს მეთოდი ბრაზილიის ხელისუფლებამ გარემოში გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპირო შედეგი მიიღეს: ბუნებაში ზეგამძლე გენეტიკური ჰიბრიდები გაჩნდნენ.
The Conversation-ში მეცნიერები წერენ, რომ გარემოს დაცვის სააგენტოს Oxitec-ის ექსპერიმენტის გასაკონტროლებლად და ეკოსისტემაში საზიანო ცვლილებების თავიდან ასაცილებლად საკმარისი ზომები არ მიუღია. მეცნიერებს სპეციფიკური მოთხოვნები აქვთ: მათ სურთ, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდეთ, რათა სიტუაციის ანალიზი უკეთესად შეძლონ.
"გენეტიკური ინჟინერია ადამიანებს ბიოლოგიური სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურისთვის ახალი ფორმის მიცემის უპრეცედენტო შანსს სთავაზობს. თუმცა, გენეტიკური რედაქტირების მიღწევები სისწრაფითა და ენთუზიაზმით გამოირჩევა, ხოლო ეკოსისტემა, რომელიც ამ მიღწევებმა უნდა შეცვალოს, ისევ ისეთი კომპლექსურია", — ნათქვამია მეცნიერთა განცხადებაში.
კომენტარები