აშშ-ის საჰაერო ძალებმა 17 მაისს, კანავერალის კონცხიდან რაკეტა Atlas V გაუშვა, რომელმაც საიდუმლო მისიისთვის საჭირო კოსმოსური თვითმფრინავი, X-37B ორბიტაზე გაიყვანა.

თვითმფრინავი ორბიტაზე თანამგზავრს განათავსებს — ეს მისი მეექვსე მისია იქნება. აღსანიშნავია, რომ გაშვება პანდემიისგან დაზარალებულ წინა ხაზზე მომუშავეებს მიუძღვნეს.

X-37B კლასიფიცირებული პროგრამაა და მის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.

"ეს X-37B მისია იმაზე მეტ ექსპერიმენტს დაუდებს საფუძველს, ვიდრე აქამდე არსებული მისიები", — განაცხადა საჰაერო ძალების მდივანმა ბარბარა ბერეტმა.

ფოტო: GETTY IMAGES

ერთ-ერთი ექსპერიმენტი კი თესლებზე და სხვა ნივთიერებებზე გამოსხივების ეფექტს შეამოწმებს.

X-37B პროგრამა 1999 წელს დაიწყო. თვითმფრინავი აშშ-ის კოსმოსური პროგრამის ფარგლებში გამოყენებადი შატლების პატარა ვერსიას ჰგავს.

Boeing-ის მიერ აგებული თვითმფრინავი ენერგიისთვის მზის პანელებს იყენებს, იგი დაახლოებით 9 მეტრი სიგრძისაა და 4 989 კილოგრამს იწონის.

პირველი თვითმფრინავი 2010 წლის აპრილში გაფრინდა და რვათვიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. ბოლოს განხორციელებული მისია კი 2019 წლის ოქტომბერში დასრულდა — იგი 780 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამჟამინდელი მისიის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.