UNREAL ENGINE 5: ახალი გრაფიკული ძრავი რეალობაზე უკეთ გამოიყურება
Epic Games-მა დღეს საკუთარი გრაფიკული ძრავის, Unreal Engine-ის მეხუთე (UE5) ვერსია წარმოადგინა და საზოგადოებას მისი დემო ვერსია PlayStation 5-ზე აჩვენა. დემოში ნაჩვენებია, რა შეიძლება მივიღოთ ახალი თაობის კონსოლებზე, Sony PS5-სა და Microsoft Xbox Series X-ზე, UE5-ის გამოყენებით.
წარმოგიდგენთ გავრცელებული ვიდეოს შემოკლებულ ვერსიას, სრულს კი სტატიის ბოლოში ნახავთ.
"Epic Games ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს გთავაზობთ" — აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ტიმი სუინი, — "ჩვენი მიზანია ვიდეო თამაშების შემქმნელებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ. თამაშების შექმნისას ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სწორედ გრაფიკაა, ეს კომპონენტი ყველაზე დიდ დროსა და ხარჯებს უკავშირდება. ამიტომ, ჩვენ გვსურს დეველოპერების ამოცანა გავამარტივოთ, რათა ისინი უფრო პროდუქტიულები იყვნენ".
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ დეველოპერებს UE5-ის საშუალებით თამაშში სტუდიური ხარისხის ვიზუალური ეფექტების გამოყენება არამხოლოდ ოპტიმიზირებულ ტექნოლოგიურ სადემონსტრაციო რგოლებში, არამედ კონსოლებზეც კი შეუძლიათ.
"თქვენ კონსოლისთვის შეგიძლიათ შექმნათ მაღალი ხარისხის ვიდეო თამაში ფანტასტიკური გრაფიკით და შემდგომ ის სმარტფონებზეც გადაიტანოთ, რითაც თამაშის აუდიტორია საგრძნობლად გაიზრდება" — აცხადებენ კომპანიაში.
2021 წლის ბოლომდე Unreal Engine 5-ის მხარდაჭერა ყველა არსებულ და ახალი თაობის სათამაშო კონსოლს, პერსონალურ კომპიუტერებს, მაკს, iOS-ს და ანდროიდ მოწყობილობებს ექნება.
კომპანიის განცხადებით, დეველოპერები, რომლებიც ამჟამად Unreal Engine 4-ს იყენებენ, ახალი თაობის ძრავის გამოსვლისთანავე საკუთარი თამაშის მასზე გადატანას მარტივად შეძლებენ.
Epic Games-ის თქმით, დეველოპერებს გაყიდვებიდან მიღებული პირველი $1 მილიონი აშშ დოლარიდან საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ, რაც $ 50 000 აშშ დოლარს უტოლდება. ამის შემდეგ კი თითო გაყიდვიდან კომპანიის საკომისიო 5%-ს შეადგენს.
სანამ ვიდეო თამაშების შემქმნელები ახალ UE5-ს გამოიყენებენ, კიდევ 1 წელი უნდა გავიდეს. სუინის განმარტებით, ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თამაშების შემქმნელებმა დაგეგმონ არსებული პროექტების მიგრაცია ან დაიწყონ მუშაობა ახალ იდეებზე.
კომენტარები