Word ტექსტში ორმაგ ინტერვალს ამიერიდან შეცდომად ჩათვლის
მაიკროსოფტმა ტექსტში წერტილის შემდეგ ორმაგი ინტერვალის საკითხი საბოლოოდ ამოწურა. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა გიგანტმა MS Word-ის ბოლო განახლების შემდეგ ტექსტურ რედაქტორში წერტილის შემდეგ ორმაგი ინტერვალი შეცდომად მონიშნა.
შეცდომის მონიშვნისას Word მომხმარებელს მისი ერთი ინტერვალით ჩანაცვლებას შესთავაზებს.
თუ თქვენ მაინც გსურთ ორმაგი ინტერვალის გამოყენება (რაც უჩვეულოა), მაშინ უბრალოდ დააიგნორეთ Word-ის შემოთავაზება და განაგრძეთ მუშაობა. კომპანია მაიკროსოფტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად ტესტავდა და ამიერიდან ცვლილება ყველა მომხმარებელს შეეხება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამ ცვლილებით მომხმარებელთა უმეტესობა კმაყოფილი დარჩა.
"ჩვენ გვესმის, რომ ახალი სტილისტური გადაწყვეტა ყველას ვერ მოეწონება, ზუსტად ამიტომ ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლების შენიშვნებს. ამასთანავე, მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ შემოთავაზების იგნორირება", — აცხადებს კირკ გრეგერსენი.
საქმე იმაშია, რომ მწერლებმა და პუბლიცისტებმა ორმაგი ინტერვალის გამოყენება ჯერ კიდევ საბეჭდი მანქანების ფართოდ გავრცელების დროს დაიწყეს. იმ პერიოდში, მაგალითად, ინგლისური i და m-სთვის ერთი და იგივე ჰორიზონტალურისივრცე იყო გამოყოფილი. აქედან გამომდინარე, წინადადების დასრულების თვალსაჩინო აღნიშვნისთვის წერტილის შემდეგ დამატებით ინტერვალს იყენებდნენ. ციფრულ ეპოქაში, როცა ფონტები უფრო დახვეწილი და მარტივად კითხვადია, დამატებითი ინტერვალის საჭიროებაც აღარ დგას.
ერთი და ორი ინტერვალის გამოყენებასთან დაკავშირებით 2018 წელს ჩატარებული კვლევით ეს ბრძოლა თითქოს მეორეს სასარგებლოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, მაიკროსოფტისთვის არგუმენტები ორმაგი ინტერვალის სასარგებლოდ არასაკმარისი აღმოჩნდა, რის გამოც Word-ში ის დღეიდან შეცდომად ჩაითვლება.
კომენტარები