Messenger Rooms და ვიდეოზარის ახალი შესაძლებლობები ფეისბუქისგან
ფეისბუქმა ვიდეოზარების ახალი სერვისი — Messenger Rooms წარმოადგინა. ახალი სერვისი ვირტუალური ოთახების შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებს, სადაც 50-მდე მომხმარებელი ერთიანდება. გარდა ამისა, WhatsApp-ის ვიდეოზარის მონაწილეთა რაოდენობა 4-დან 8-მდე გაიზარდა. ვიდეოზარების მხარდაჭერა გამოჩნდა ფეისბუქის გაცნობის აპლიკაციაშიც. კომპანიამ ახალი ფუნქციების გარეშე არც ლაივსტრიმის სერვისი დატოვა.
მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ვიდეო ზარების და ზოგადად ვიდეო მაუწყებლობის შესაძლებლობები სოციალური ქსელისთვის და მასში შემავალი სერვისებისთვის ახალი არაა, თუმცა ამჯერად კომპანია აქცენტს ფართო აუდიტორიის ნაცვლად პრივატულ სივრცეზე ამახვილებს, რაც დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
Messenger Rooms-ში ოთახის შექმნისას მომხმარებელი თავად გადაწყვეტს იქნება თუ არა ის საჯარო. ოთახის შექმნა საწყის ეტაპზე მხოლოდ ფეისბუქსა და Messenger-ში იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით სიახლე შეეხება Instagram Direct-ს და WhatsApp-ს. მომხმარებლები ოთახებში შესვლას შეძლებენ განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა მათ ფეისბუქის ანგარიში.
ოთახში ყოფნისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოიყენოთ გაფართოებული რეალობის ფილტრები ან შეცვალოთ ოთახის ფონი 360-გრადუსიანი ეგზოტიკური VR ხედებით. ოთახებში მიმდინარე ზარები დაშიფრული არაა, თუმცა ფეისბუქის განცხადებით, კომპანია მათ არ მოუსმენს.
Live ჩართვებში კი გამოჩნდება მეორე მომხმარებელთან ერთობლივი ჩართვის ფუნქცია. ასევე ლაივების დროს გამოჩნდება დონაციის ღილაკი. ინსტაგრამის ლაივები კი, პირველად, დესკტოპ ვერსიაშიც გამოჩნდება.
პირველ ეტაპზე ახალი სერვისი აშშ-ში რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. გლობალურად Rooms-ის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაცია ამჟამად უცნობია.
კომენტარები