დროთა განმავლობაში სოციალური ქსელი რეალურ თავშეყრის ადგილს ემსგავსება. Facebook-ს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს და რაც მნიშვნელოვანია, უამრავი ადამიანი კომუნიკაციისთვის ინტერნეტს უფრო მეტად იყენებს, ვიდრე პირისპირ ინტერაქციას.

ამის გათვალისწინებით, Facebook-ში ცდილობენ, რომ სოციალური ქსელის მკვიდრთათვის უფრო მეგობრული გარემო შეიქმნან, რაც რთული ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფეისბუქს 2,5 მილიარდი ადამიანი მოიხმარს.

ამიტომ, Facebook-მა ერთგვარი პარალელური "სამყარო" შექმნა, რომელიც რეალური მომხმარებლების ქცევის და კომუნიკაციის იმიტირებას ეცდება. ბოტებით დასახლებული ამ პარალელური სამყაროს კვლევით კი, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ უფრო ჰარმონიული ინტერნეტ საზოგადოების ჩამოყალიბებას შეძლებენ.

კვლევაში, სახელწოდებით "WES"Agent-Based User Interaction Simulation of Real Infrastructure", კომპანიის "პარალელური სამყარო" აღწერილია, როგორც ათასობით ბოტით დასახლებული სოციალური გარემო, სადაც ეს ბოტები ერთმანეთთან ურთიერთობენ.

საინტერესო ისაა, რომ სისტემა ფეისბუქის პლატფორმაზე იმუშავებს. ანუ, იმ გარემოში, სადაც ნამდვილი მომხმარებლები არიან.

"ბოტები ნამდვილი მომხმარებლებისგან სათანადოდ იქნებიან დაშორებული იმისთვის, რომ ადამიანებსა და ბოტებს შორის შემთხვევითი ურთიერთობა არ მოხდეს"— ამბობენ კვლევის ავტორები.

ხელოვნური მოხმარებლები, ნამდვილი ადამიანების მსგავსად, რაღაცებს იწონებენ და პოსტებს თავიანთ კედელზე აზიარებენ. ამასთანავე, ბოტები დაპროგრამირებული არიან, რომ "უარყოფითადაც" მოიქცნენ. რაც ნიშნავს, რომ ხელოვნური მომხმარებლები შექმნიან ყალბ რეკლამებს, ეცდებიან ერთმანეთის მოტყუებას და პოლიტიკურად არაკორექტურ აზრებს გაავრცელებენ.

ეს ხელოვნური სამყარო, შემოკლებით WW, დროთა განმავლობაში რეალური მომხმარებლების ქცევის უფრო დახვეწილ მიმიკრიას შეძლებს. ბოტები სხვადასხვა სცენარის მიხედვით იმოქმედებენ, ეცდებიან "პირადი ინფორმაციის" მოპარვას, ნაკლოვანებების ექსპლუატაციას და ა.შ

მსგავსი ქცევების შესწავლა, Facebook-ს ნამდვილი მომხმარებლების "ცუდი ქცევის" დინამიკის გაგებაში და პრევენციული ზომების მიღებაში დაეხმარება.

WW-ს ფუნქციონირებას, მრავალაგენტიანი სისტემები, ხელოვნური ინტელექტი და უმარავი სხვა ხელსაწყო შესაძლებელს ხდის.

"პროგრამულ უზრუნველყოფაში საზოგადოებრივი ქცევის მხედველობაში მიღება უფრო და უფრო მნიშვნელოვანია", — ნათქვამია განცხადებაში "სოციალური ურთიერთობების შესწავლა, აპლიკაციის მოხმარებისას კოლექტიური გამოცდილების გაუმჯობესებაში გვეხმარება".

WW-ის პროექტი Facebook-ის სხვა სიმულაციის, Sapienz-ის საფუძველზე შეიქმნა.

საინტერესოა რამდენად სასარგებლო იქნება მსგავსი კვლევები. გასაოცარია, რომ თანამედროვე დროში ჩვენი ქცევის (ხშირად ძალიან აკურატულ) სიმულაციას, ბოტები ახერხებენ.