სამედიცინო კომპანია Abbott ახალი ტესტების წარმოებას იწყებს, რომლებიც გეტყვიან ყოფილხართ თუ არა ინფიცირებული COVID-19-ით. ტესტს იმ ანტისხეულების ამოცნობა შეუძლია, რომლებსაც ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლისას წარმოქმნის.

კომპანიის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის თითქმის მილიონი ტესტი იქნება მზად. შემდეგ კი ტესტები აშშ-ის მასშტაბით არსებულ ლაბორატორიებში გადანაწილდება.

კომპანიის მიხედვით, დანადგარებს საათში 100-200 ტესტის დამზადება შეუძლიათ. Abbott გეგმავს, რომ აპრილში სულ 4, ივნისში კი 20 მილიონი ტესტი შექმნას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიას ჯერჯერობით ტესტების სიზუსტესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც აღვნიშნეთ, ტესტები სისხლში ინფექციასთან საბრძოლველად წარმოქმნილ ანტისხეულებს ეძებენ, ადამიანები კი მათ იმ შემთხვევაშიც წარმოქმნიან, თუ ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს.

ბაზარზე არსებული სხვა დიაგნოსტიკური ტესტები მიმდინარე ინფექციებს ძირითადად სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებზე დაყრდნობით ეძებენ. მაგალითად, Abbott-ის ერთ-ერთ ტესტს შეუძლიათ 15 წუთში გითხრათ ხართ თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული.

ექსპერტების მიხედვით, ანტისხეულების ტესტები, შესაძლოა, ადამიანების სახლებიდან გამოსვლის გარანტია გახდეს და ასევე სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებს კარანტინის შემსუბუქების საშუალება მისცეს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიცერმა სკოტ პოლმა განაცხადა, რომ ისინი საკუთარ ანტისხეულების ტესტებს აწარმოებენ და მისი მასობრივი გამოყენება მომდევნო რამოდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი.

ასევე, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი საკუთარ ანტისხეულების კვლევაში 10 000 ადამიანი ჩართო, კვლევის მიზანს კი COVID-19-ით აქამდე ინფიცირებული ადამიანების გამომჟღავნება წარმოადგენს.