რამდენიმე კვირაში კორონავირუსის მედიკამენტების კვლევები გამოქვეყნდება
რამდენიმე კვირაში ავსტრალიელი მკვლევრებისთვის იმ მედიკამენტების კლინიკური ცდების შედეგები გახდება ცნობილი, რომლის მიზანსაც ადრეული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება წარმოადგენს.
პროექტი ხაზს უსვამს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინის მიღებამდე რამდენიმე თვე ან შესაძლოა, წლებიც კი გვაშორებდეს. ხოლო სანამ ვაქცინის კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, აქცენტი ინფიცირებულთა ადრეულ გამომჟღავნებასა და მათ მკურნალობაზეა.
დამატებით, კვლევები, ასევე, კოლექტიური იმუნიტეტის შესამოწმებლადაც ჩატარდება.
"მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ რამდენიმე კვლევის შედეგები, იქნება ეს კარგი თუ არც ისე კარგი, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი", — განაცხადა პიტერ დოჰერტის სახელობის ინფექციებისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა შერონ ლევინმა.
"ანტივირუსული მედიკამენტების კვლევა და მათი ეფექტიანობის დადგენა ბევრად სწრაფად ხდება, ვიდრე ვაქცინის შექმნა. ასევე, რადგანაც ეს კვლევები არსებულ პრეპარატებს ეხება, ჩვენ მათი გამოყენებისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას უკვე ვფლობთ, ერთადერთი რაც არ ვიცით, კორონავირუსის მიმართ მათი კლინიკური სარგებლიანობაა", — თქვა ლევინმა.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ COVID-19-ის ადრეული დიაგნოსტიკისთვის შესაბამის პროცედურებს შექმნიან, განსაკუთრებით მოხუცთა თავშესაფრებისთვის, სადაც ვირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები იმყოფებიან.
ჯანდაცვის მინისტრმა, გრეგ ჰანტმა განაცხადა, რომ მთავრობა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კვლევებს 3 მილიონით დააფინანსებს. აღნიშნული თანხიდან სიდნეის უნივერსიტეტი, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით პაციენტების დიაგნოსტიკის კვლევას აწარმოებს, ერთ მილიონ დოლარს მიიღებს. დარჩენილი ორი მილიონი დოლარი კი დოჰერტის ინსტიტუტის კვლევებს მოხმარდება.
სამედიცინო ოფიცრის, ბრენდან მერფის თქმით, რისკ ჯგუფების ადრეული დიაგნოსტიკა ადრეული და ბევრად ეფექტიანი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების საწინდარია. მერფის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემა შეზღუდვების შემსუბუქებასთან ახლოს დგას. თუმცა მისი თქმით, შეზღუდვების ნებისმიერი სახით მოხსნა ახლა "განსაკუთრებით სარისკოა".
ლევინის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მკურნალობის მეთოდების შესახებ დაახლოებით 300 კვლევა მიმდინარეობს.
"ჩინეთში მიმდინარე პატარა კვლევებიდან რამდენიმე მნიშვნელოვნად ლიდერობს. ახლა კი მათ აშშ და ევროპაც ემატება. თუმცა, ისეთი შერეული კვლევა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს", — აცხადებს ლევინი.
კომენტარები