ესპანური გრიპის ისტორია — უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი კაცობრიობას
1918 წელს ევროპაში გლობალური პანდემია დაიწყო. გრიპის ვირუსი ესპანეთიდან საფრანგეთში, ბრიტანეთში და იტალიაში გავრცელდა. მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების პარალელურად, ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა.
1918 წლის 4 მარტს, მზარეული ალბერტ გიტჩელი კანზასის სამხედრო ბაზაზე შეუძლოდ გახდა. მას აღენიშნებოდა ხველება, მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი. მიჩნეულია, რომ ეს არის ესპანური გრიპის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა.
3 კვირაში, ბაზაზე მსახური 1 100 ჯარისკაცი საავადმყოფოებში მოათავსეს. ამას გარდა, კიდევ ათასობით სამხედრო ინფიცირდა.
ევროპაში ესპანური გრიპი დიდ ბრიტანეთს, იტალიას და ესპანეთს მოედო. ფრანგი ჯარისკაცების 1/4 და ბრიტანელი ჯარისკაცების ნახევარი ინფიცირდა. მაისში, გრიპი ჩრდილოეთ აფრიკაში და ინდოეთშიც გავრცელდა. 1918 წლის ივნისში კი ვირუსი ჩინეთსაც მოედო.
პანდემიის პირველ ტალღას ყოველთვის ესპანურ გრიპად არ მოიაზრებენ იმიტომ, რომ სიმპტომები მოკლეხნიანი იყო და სიკვდილიანობაც სეზონური გრიპის გამოწვეულ ლეტალურობას წააგავდა.
ესპანური გრიპის მეორე ტალღა აგვისტოში დაიწყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის ვირუსმა მუტაცია განიცადა და მსოფლიოს ახალი, უფრო მომაკვდინებელი შტამი მოედო.
ამჯერად ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ვირუსის გავრცელების ტრაექტორია სამხედროების გადაადგილებასთან არის ასოცირებული. ანუ გრიპის მთავარი გადამტანები ჯარისკაცები იყვნენ.
მეორე ტალღა 6 კვირა გაგრძელდა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, სწორედ ამ დროს დაფიქსირდა.
ესპანური გრიპი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ვრცელდებოდა და ეგრედწოდებულ W-ტრენდს მისდევდა. ანუ ინფიცირების პიკი ტიპიურად მოხუცებულებში და ბავშვებში აღინიშნებოდა, თუმცა ცხადია გრიპი ახალგაზრდა ზრდასრულებშიც ვრცელდებოდა.
მუტირებული ესპანური გრიპი, ადამიანის ორგანიზმს ბევრად აგრესიულად უტევდა. ინფიცირების სიმპტომებს მიეკუთვნებოდა ენცეფალიტი, სისხლჩაქცევები ცხვირში, სისხლი შარდში, 40 გრადუსამდე სიცხე და ხშირად კომა.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ძირითადად ჯარისკაცებს და უბრალო ადამიანებს აინფიცირებდა. გრიპს პირივლეგირებული სამეფო და თავადების ოჯახებიც ვერ მოერიდნენ. მაგალითად, ესპანეთის მეფე, ალფონსო მეცამეტეც გრიპის ვირუსით იყო ინფიცირებული.
პანდემიასთან ბრძოლის ადრეული ხერხები
1918 წელს ესპანური გრიპის ვაქცინა არ მოიპოვებოდა. ინფიცირებული ადამიანები ძირითადად იმპროვიზირებულ მკურანლობის კურსს გადიოდნენ, სადაც ექიმები სიმპტომებს ებრძვოდნენ. ამიტომ, ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად დაახლოებით იგივე ზომები გამოიყენებოდა, რაც დღეს გამოიყენება.
პირველი პრევენციული ზომებები მთავრობებმა 1918 წლის აგვისტოს მიიღეს. თუმცა კარანტინის მსგავსი პოლიტიკის გატარება ოქტომბერში დაიწყო. ბევრგან საჯარო შეკრებები და ხანგრძლივი წირვები აიკრძალა.
ადგილობრივმა მთავრობებმა ქუჩების და საჯარო დაწესებულებების, ანუ თეატრების, ეკლესიების და სავაჭრო ბაზრების მუდმივი დეზინფექცია დაიწყეს. დაიწყო საპნების და წყლის უფასოდ დარიგება, საკვები პროდუქტის ინსპექცია და ა.შ.
1918 წლის დეკემბერში გრიპის გავრცელების მეორე ტალღა თითქოს "ჩაწყნარდა". რამაც ბევრ იმედი მისცა, რომ სასტიკი პანდემია წარსულს მიბარდა. შესაბამისად საგანგებო მდგომარეობაში მიღებული კარანტინის და სოციალური დისტანცირების ნორმები გაუქმდა.
მაგალითად, ავსტრალიაში კარანტინი მთლიანად გაუქმდა. თუმცა, იმ დროინდელმა მთავრობებმა, რომლებმაც არც კი იცოდნენ რომ ვირუსთან ჰქონდათ საქმე და არა ბაქტერიულ ინფექციასთან, ყურადღება ნაადრევად მოადუნეს.
1919 წლის იანვარში, ესპანური გრიპის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. ავსტრალიაში დამატებით 12 000 ადამიანი ინფიცირდა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გავრცელება შენელდა, რაც ნაწილობრივ პირველი მსოფლიო ომის ტემპის შენელებით იყო განპირობებული, ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობა ისეთივე მაღალი იყო.
ვირუსის გავრცელება გაუსის განაწილებას მისდევს. სიდიდის განაწილება ერთი მნიშვნელობის ირგვლილ არის კონცენტრირებული. გრაფიკულად გაუსის, ანუ ნორმალურ განაწილების სიმკვრივეს ზარის ფორმა აქვს.
მეორენაირად რომ ვთქვათ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, აღწევს პიკს და შემდგომ კლებულობს. ეპიდემიის პირობებში ის თუ რამდენად მაღალი იქნება პიკი, სწორედ ვირუსთან ბრძოლისთვის გატარებული პოლიტიკით არის განპირობებული.
რადგან მეოცე საუკუნის დასაწყისში ვირუსის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ, მეცნიერები და პოლიტიკოსებიც ვირუსის ხელახალ აღმოცენებებს არ ელოდნენ.
ადრეული მეცნიერება და ვირუსის აღმოჩენა
მიუხედავად იმისა, რომ ედვარდ ჯენერმა და ლუი პასტერმა ვაქცინა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შექმნეს, მათ ვირუსების არსებობის შესახებ არ იცოდნენ.
პირველი მეცნიერი, რომელმაც ივარაუდა, რომ ინფექციებს ბაქტერიების გარდა სხვა "რაღაცებიც" განაპირობებდნენ, ვლადიმერ ივანოვსკი იყო. 1892 წელს მან შენიშნა, რომ თამბაქოს მოზაიკური ვირუსი ჩემბერლენდის ფილტრში (რომელიც ბაქტერიებს ფილტრავს) არ იფილტრებოდა.
მიუხედავად ამისა, ვირუსების შესახებ ბევრი რამ ცნობილი მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებამდე არ ყოფილა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ესპანური გრიპის გამომწვევ მიზეზად ბაქტერია Haemophilus Influenzae მიიჩნეოდა.
1918 წლის ოქტომბერში პასტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ გრიპზე პასუხისმგებელი ინფექციური აგენტი ბაქტერიებზე ბევრად მცირე ზომის იყო.
პანდემიის მიზეზად ვირუსი მხოლოდ 1930 წელს დასახელდა. 1933 წელს კი გრიპის ვირუსის გამოცალკევება და მასზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა.
დუმილი კლავს
1918 წლის ესპანურმა გრიპმა 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი წრაფად და მომაკვდინებლად ვრცელდებოდა, ბევრ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პრესა და მთავრობა დუმდა.
ერთგვარი გამონაკლისი ესპანეთი იყო, რომელსაც ომის დროს ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. 1918 წლის შემოდგომაზე ესპანური გაზეთები ვირუსით დაღუპულთა სიებს მუდმივად აქვეყნებდნენ.
აშშ-შიც უამრავი გამომცემლობა ვირუსის შესახებ ცნობადობის გაზრდას ცდილობდა და ხალხს პრევენციული ზომებისკენ მოუწოდებდა.
სხვა ქვეყნებში, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში აქტიურად მონაწილეობდნენ კრიზისულ სიტუაციაზე ნაკლებად იწერებოდა. პრესას და მთავრობებს დამატებითი "პანიკის" შექმნა არ სურდათ.
1918 წლის აგვისტოს, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გრიპის ინტალიაში გავრცელება უარყო. მის კვალს მიჰყვა თითქმის ყველა იტალიური გამომცემლობა. მოგვიანებით, ეპიდემიის არსებობის დამალვა შეუძლებელი გახდა.
მიუხედავად ამისა, იტალიური პრესა და მთავრობა სიტუაციას უფრო მსუბუქად წარმოაჩენდა, ვიდრე სინამდვილეშეი იყო. ვრცელდებოდა შეთქმულების თეორიები, თითქოს დაავადება ავსტრიელებმა გაავრცელეს.
პანიკის შესაჩერებლად, მთავრობამ პრევენციული ზომების მიღება დაიწყო. ვითარება ძალიან მძიმე იყო.
იტალიურ ეკლესიებში ხშირად ზარს მაშინ რეკდნენ, როცა გარდაცვლილს მიასვენებდნენ. თუმცა გარდაცვლილთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ "სიკვდილის ზარის" ხმა გაუჩერბლად ისმოდა. შესაბამისად, მთავრობამ ეს პრაქტიკაც აკრძალა.
რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი
ესპანური გრიპის პანდემია მნიშვნელოვანი ისტორიული გაკვეთილია, რომელიც ამჟამინდელ კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებით ყურადსაღებია.
ჯერ კიდევ 1918-1919 წლებში, როცა გრიპის ვაქცინა არ არსებობდა და მეცნიერებმა ვირუსების შესახებ ძალიან ცოტა იცოდნენ, გარკვეული პრევენციული ზომები მაინც ეფექტურად მუშაობდა. სოციალური დისტანცირება, კარანტინი და გადაადგილების შეზღუდვა ვირუსთან გამკვლავებისთვის მნიშვნელოვანია.
აშშ-ში შტატები, სადაც გადაადგილება შეიზღუდა და კარანტინის ზომები იქნა მიღებული, პანდემიას უკეთ ართმევდნენ თავს, ვიდრე შტატები რომლებიც პრევენციულ ზომებს არ იღებდნენ.
ასევე, 1918 წლის პანდემიის დროს სანდო ინფორმაციის და პრესის მნიშვნელობა გამოიკვეთა. დღესაც იგივე ვითარებაა. აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა კრიზისული სიტუაციის შესახებ სანდო ინფორმაცია მიიღონ.
საბედნიეროდ დღეს მსოფლიო ბევრად განვითარებულია. საავადმყოფოები პაციენტების სამკურნალოდ უკეთ აღჭურვილნი არიან და ჩვენც თვითიზოლაციის და სოციალური დისტანცირების სარგებლიანობაზე უფრო მეტი ვიცით.
საერთო მიზნისთვის ბრძოლა და ტექნოლოგიური პროგრესი ტოვებს იმედს, რომ არსებული სიტუაცია მოგვარდება.
#დარჩისახლში
კომენტარები