მაიკროსოფტის ახალი AI ვიდეოჩატიდან სასუსნავების ხრამუნის ხმას ამოჭრის
მასობრივი კარანტინის, სოციალური დისტანცირების და თვითიზოლაციის პირობებში, სახლიდან მუშაობა და დისტანციური კომუნიკაცია ბევრად ხშირი პრაქტიკა გახდა.
დამეთანხმებით, 2 კვირის განმავლობაში სახლში ჯდომა, შესაძლოა, ინტროვერტებისთვისაც კი ცოტა ზედმეტი აღმოჩნდეს.
ასეთ ვითარებაში მეგობრებთან, თანამშრომლებთან და ნათესავებთან ვიდეოჩატი შვების მომგვრელია. მიუხედავად ამისა, მსგავსი კომუნიკაცია მაინც ცოტა მოუხერხებელია. ზოგს ცუდი კამერა აქვს, ზოგს ცუდი მიკროფონი... და ზოგი მუდმივი ჭამისგან თავს ვერ იკავებს.
მესმის ეს. უსაქმურობის ჟამს ვინ არ მდგარა ღია მაცივართან 10 წუთი და ვის არ უჭამია 20 შეკვრა შოკოლადი, რომელსაც თან მცირეხნიანი ბედნიერება და ხანგრძლივი მუცლის ტკვილი ახლავს ხოლმე.
მაგრამ ზოგი ვიდეოჩატის დრო სხვადასხვა გემრიელი სასუსნავის ხრამუნისგან თავს მაინც ვერ იკავებს.
როგორც ჩანს, Microsoft-მა ამ პრობლემაზე ბევრი იფიქრა. კომპანიის ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი საკომუნიკაციო პლატფორმა Microsoft Teams-ს ღეჭვის და საჭმლის ხრაშუნის ხმის ავტომატურად ამოჭრის შესაძლებლობას აძლევს.
ანუ გირეკავთ თქვენი მეგობარი, რომელიც თავის ჩიფსებს მთელი ვნებით ახრაშუნებს, მაგრამ თქქვენ ეს ხმა არ გესმით. იდეალურია არა? ეჭვი მაქვს ეს იდეა Microsoft-ის იმ ინჟინრებს გაუჩნდათ, რომლებიც იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
"ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით, Teams-ს ფონური ხმის მოცილება შეუძლია" — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი რობერტ აიქნერი.
ვიდეოჩატის დემონსტრაციისას აიქნერმა ჩიფსის შეფუთვას დაავლო ხელი და ჭამა დაიწყო. თუმცა, ყველასთვის ნაცნობი ხმაური არსად ჩანდა — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 21-ე საუკუნეში.
Microsoft-ში ამბობენ, რომ Teams-ის პლატფორმა ისეა შექმნილი, რომ ვიდეოჩატის მონაწილეებს ყურადღება ნაკლებად გაეფანტოთ. კომპანიის მტკიცებით, მოსაუბრეები ერთმანეთის ხმას ბევრად სუფთად გაიგებენ და მათ სხვადასხვა ხმაური ნაკლებად შეაწუხებთ.
კომენტარები