სულ მალე მზის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ფოტოებს ვიხილავთ — ანუ შევისწავლით იმ რეგიონებს, რომლებიც ამ დრომდე დეტალურად არ აღწერილა. ევროპული კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და NASA-ს ამბიციური მისიის ფარგლებში ხომალდი Solar Orbiter კანავერალის კონცხიდან გაეშვა. იგი დანიშნულების ადგილს 2021 წლის დასასრულს მიაღწევს.

დედამიწიდან მზე სრულყოფილ ცეცხლოვან ბურთს ჰგავს, თუმცა მეცნიერების თქმით, მისი კიდეები, შესაძლოა, ნაპრალებითა და კუთხოვანი გეომეტრიული სტრუქტურებით გამოირჩეოდეს, რაც ჩვენთვის საკმაოდ უჩვეულოა.

ფოტო: ESA/ATG / Parker Solar Probe / NASA/Johns Hopkins APL

პატარა ხომალდი ათი განსხვავებული ინსტრუმენტითაა აღჭურვილი და ფოტოების გადაღების გარდა, მისი მოვალეობა მზის მაგნიტური ველისა და ატმოსფეროს შესახებ მონაცემების შეგროვება იქნება.

ინსტრუმენტები ხომალდის ერთ მხარესაა განთავსებული და ისინი Solar Orbiter-ის მთავარი კომპონენტის — ფარის მეშვეობით არის დაცული. ტიტანის ფარი ნივთიერებით, სახელად SolarBlack-ით არის დაფარული, რომელიც ცხოველების დამწვარი ძვლებითაა დამზადებული. ESA-ს განცხადებით, აღნიშნულ მასალას სწორედ ის უნიკალური მახასიათებლები აღმოაჩნდა, რომელიც მისიის წარმატებით განხორციელებისთვის იყო საჭირო.

იმისთვის, რომ ინსტრუმენტებმა მონაცემების მოგროვება შეძლონ, ისინი, ბუნებრივია, მზეს უნდა დააკვირდნენ. ამისთვის, ტიტანის დამცავი ფარი პატარა "ფანჯრებითაა" დაფარული, რომლებიც იღება და იხურება. დაკვირვების დროს ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა, ცხელდება, თუმცა სპეციალური რადიატორები წარმოქმნილ სითბოს კოსმოსში ფანტავს და ხომალდს აგრილებს.

ვარაუდების მიხედვით, მზის პოლუსებზე, შესაძლოა, გიგანტური ხვრელები იყოს მიმოფანტული — ადგილები, რომელთა სიმკვრივეც მზის ზედაპირის დანარჩენ ნაწილთან შედარებით დაბალია.

ფოტო: E

"პოლუსებზე არსებული გვირგვინისებური ხვრელები უზარმაზარია. ჩვენ მათ ნახვასა და დაკვირვებას შევძლებთ. მსგავსი შესაძლებლობა კი აქამდე არასდროს გვქონია", — განაცხადა NASA-ს ჰელიოფიზიკის განყოფილების უფროსმა ნიკოლ ფოქსმა.

"არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა განსხვავდებოდნენ პოლუსები ერთმანეთისგან. სიურპრიზებისთვის მზად იყავით", — განაცხადა ESA-ს მრჩეველმა მარკ მაკკორინიმ.

მზის პოლუსებზე დასაკვირვებლად აქამდე მხოლოდ ერთი მისია ჩატარდა. ნასას ხომალდი Ulysses მზისკენ 1990 წელს გაეშვა და საბედნიეროდ მისი მაგნიტური ველისა და მზიური ქარის შესახებ მონაცემების შეგროვება მოახერხა, თუმცა მას კამერა არ ჰქონდა.

მაკკორინის თქმით, გეომეტრიული სტრუქტურები, შესაძლოა, საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდეს. მაგალითად, იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსის პირველმა ფოტოებმა ასტრონომები გააოცა — რადგან იქ რვაკუთხედის ფორმაზე განლაგებული ქარიშხლები ჩანდა, რომლებიც ცენტრალური ღერძის გარშემო ბრუნავდნენ. სატურნის ჩრდილოეთ პოლუსი კი ფართო ექვსკუთხა ღრუბლოვანი სტრუქტურებით გამოირჩევა.

იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსი

იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსი

ფოტო: NASA/SWRI/JPL/ASI/INAF/IAPS

"ღრუბლების ექვსკუთხედი" სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე

"ღრუბლების ექვსკუთხედი" სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Space Science Institute

ახალი ხომალდი Parker Solar Probe-ის პარალელურად იმუშავებს, რომელიც 18 თვის წინ გაეშვა და მზესთან ყველა სხვა ხომალდზე ახლოს მიფრინდა. მიუხედავად იმისა, რომ Parker მზესთან შვიდჯერ უფრო ახლოს იქნება განთავსებული, Solar Orbiter მზის ზედაპირზე დაკვირვებას უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს.

ხომალდი მონაცემების შეგროვებას მაისში, ხოლო სრულად ფუნქციონირებას 2021 წლის ნოემბერში დაიწყებს.